საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები დაენიშნათ
„განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აკადემიური მიღწევების დაფასება განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სტუდენტური წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და პროფესიული მიზნებისკენ სწრაფვა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც მომავალში ქვეყნის ინტელექტუალური, სამეცნიერო და ეკონომიკური განვითარება შენდება. აკადემიური მოსწრების მაღალი მაჩვენებლები, პროფესიული განვითარების მოტივაცია და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა - თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას აგრძელებს, რისთვისაც ფონდს მადლობას მოვახსენებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები გადაეცათ, განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მიხედვით უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ. ფონდის გადაწყვეტილებით, ყოველთვიური სტიპენდია, 300 ლარის ოდენობით, დაენიშნა აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტ ნანა ლაბაძეს, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი ოთიაშვილს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ჯოხარიძესა და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტ მარიამ ჯანიაშვილს.
გარდა ამისა, ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველკურსელთა შორის ყველაზე მაღალი სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე სტუდენტს, მარიამ ასათიანს, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდისგან 1500-ლარიანი პრემია გადაეცა.
დაჯილდოების ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები: პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი, კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა განათლების დაფინანსების, აკადემიური წახალისებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე.

„საგანმანათლებლო დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი აკადემიური და პროფესიული პოტენციალი უფრო სრულყოფილად გამოავლინონ. სტიპენდია სტუდენტისთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მისი შრომის, პასუხისმგებლობისა და მიღწეული შედეგების აღიარებაა. ამგვარი მხარდაჭერა აძლიერებს მოტივაციას, ხელს უწყობს აკადემიური წარმატებისკენ სწრაფვას და ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ მათი ძალისხმევა სათანადოდ ფასდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარება, სადაც ცოდნა, აკადემიური კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა და პროფესიული ზრდა სათანადოდ ფასდება. მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს სტუდენტების მხარდაჭერისა და განათლების დაფინანსების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ, რომ დღევანდელი აღიარება მათთვის ახალი მიზნების დასახვისა და კიდევ უფრო მაღალი შედეგების მიღწევის სტიმული გახდეს“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
12.11.2026.15:23
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიების მიზანს ბუღალტერიის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში მისი როლის გააზრება, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთკავშირის გაძლიერება, ასევე სტუდენტებში საბუღალტრო და საფინანსო სფეროს მიმართ ინტერესის ამაღლება წარმოადგენდა.
სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, კონფერენციამ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუღალტერიის, როგორც თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენის, როლს.

„ბუღალტერიის საერთაშორისო დღე პროფესიული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუღალტრის პროფესიის მნიშვნელობას ეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფის პროცესში.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტუდენტური ჩართულობა და მომავალი პროფესიონალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. მსგავსი ტიპის კონფერენციები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათ მიერ არჩეული პროფესიის პრაქტიკულ ასპექტებს, გააფართოონ პროფესიული თვალსაწიერი და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ბუღალტრის საქმიანობას უკავშირდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის აკადემიური სივრცისა და პროფესიული ორგანიზაციების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ბიზნესგანათლების მნიშვნელოვანი ცენტრი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თეორიული ცოდნა პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს ბუღალტერთა კავშირისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის კავშირების გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და დარგის აქტუალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - აცხადებს დავით ლეშკაშელი.
სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და იმ ახალ მოთხოვნებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე სპეციალისტები დგანან. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ფინანსური ინფორმაციის დამუშავების ახალი მეთოდები, ავტომატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბუღალტრის საქმიანობას სულ უფრო მრავალმხრივსა და საპასუხისმგებლოს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლების აუცილებლობას. თანამედროვე შრომის ბაზარი მომავალი სპეციალისტებისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესიულ ეთიკასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირების შესაძლებლობას მოითხოვს.
