საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია, საერთაშორისო პროექტის – „გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროექტის დონორია საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდი (IVF), პროექტის გენერალურ კოორდინატორად ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU) გვევლინება, ხოლო ევროპული პარტნიორები არიან სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (SUT, პოლონეთი) და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (TUO, ჩეხეთი). ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ, სომხეთიდან (YSU): ასოცირებული პროფესორები გორ ალექსანიანი და სეირან სუვარიანი და პროფესორები კშიშტოფ ლაბუსი, მალგოჟატა ლაბუსი (პოლონეთი), მარტინ კლემპა და პეტრ სკუპიენი (ჩეხეთი).
სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციას, მათი პოპულარიზაციისთვის ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნას, ასევე მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
„პოლონეთსა და ჩეხეთში განხორციელებული სამუშაო-სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, გაგვეზიარებინა გამოცდილება და გაგვეცნო ევროპელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკა გეომემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველოში გეომემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციის პროცესის სრულყოფას, თანამედროვე ციფრული რესურსების – ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის – შექმნას, ასევე საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ისე ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი პროექტები აძლიერებს სამეცნიერო თანამშრომლობას, ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას და საქართველოს გეოლოგიური მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ პოლონეთისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებში არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და უნივერსიტეტების სამეცნიერო სივრცეებს. პროგრამის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ტურები უნიკალურ გეოტურისტულ ობიექტებზე, როგორიცაა „დედოფალ ლუიზას ქვანახშირის მაღარო“ (ზაბჟე, პოლონეთი) - ყოფილი მაღარო, რომელიც დღეს ინოვაციურ ტურისტულ სივრცედაა ქცეული.
„ლანდეკ პარკი“ (ოსტრავა, ჩეხეთი) - ყოფილი მაღაროს ბაზაზე შექმნილი წარმატებული მუზეუმი და რეკრეაციული ცენტრი. პარტნიორებმა განიხილეს პროექტის მომდევნო ეტაპები, მათ შორის ივლისის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური მემკვიდრეობის 15 ობიექტი გამოიკვლევა.

თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა მუზეუმებს შორის მინერალების კოლექციების გაცვლა, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები, ხოლო 2027 წლის ხელახალი აკრედიტაციისთვის, „გეოლოგიის“ სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო კურსები განახლდება, დაიხვეწება და დაემატება ახალი თანამედროვე მოდულები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
23.10.2026.18:12
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გავრცელებული განცხადებით განმარტავს, დაუსრულებელი აუდიტის მასალების საბოლოო, დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა დაუშვებელია და ქმნის მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის რეალურ საფრთხეს. ამასთან, უნივერსიტეტი დოკუმენტაციის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლას, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
„2026 წლის 22 ოქტომბერს „სტუდია მონიტორმა“ გამოქვეყნა მასალა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2022 წლების საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას უკავშირდება.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნული შემოწმება დასრულებული არ არის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შესაბამის საკითხებზე კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს და საბოლოო აუდიტორული ანგარიში არ არსებობს.
მიუხედავად ამისა ჩვენი მხრიდან პასუხი გაეცა ჟურნალისტის მიერ სტატიის მომზადების პროცესში გამოგზავნილ კითხვებს. პასუხის მოკლე და ზოგადი ხასიათი განპირობებული იყო აუდიტორული შემოწმების დაუსრულებლობითა და იმ ფაქტით, რომ საბოლოო დასკვნის არარსებობის პირობებში უნივერსიტეტს არ გააჩნდა დასრულებული აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული დეტალური განმარტებების გაკეთების ობიექტური შესაძლებლობა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტირება ან მისი უნივერსიტეტის პოზიციის სისუსტედ წარმოჩენა საფუძველს მოკლებულია.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აუდიტორული შემოწმების დაუსრულებელ ეტაპზე არსებული დოკუმენტაციის გავრცელებისა და აუდიტის შედეგების ანგარიშის შედგენამდე გასაჯაროების კანონიერების საკითხი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აუდიტის განმახორციელებელ მოსამსახურეებს პირდაპირ ავალდებულებს, აუდიტის შედეგები არ გაასაჯაროონ აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. შესაბამისად, არსებობს კანონით დადგენილი ვალდებულების შესაძლო დარღვევის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. მივმართავთ სამართალდამცავ და სხვა უფლებამოსილ უწყებებს, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის წარმომავლობა, მისი მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება, პასუხისმგებელი პირები და შესაძლო სამართალდარღვევის ყველა გარემოება. ამასთანავე, მოვითხოვთ არა ფორმალურ განმარტებას, არამედ საკითხის სრულყოფილ სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან დაუსრულებელი და საბოლოოდ შეუფასებელი მასალის დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა უნივერსიტეტს რეპუტაციული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება არ წარმოადგენს კანონით დადგენილი შეზღუდვების უგულებელყოფას. უნივერსიტეტი მოითხოვს, „სტუდია მონიტორმა” განმარტოს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სამართლებრივი სტატუსი და დააზუსტოს, რა საფუძვლით იქნა გამოყენებული სამსახურებრივი მიმოწერა. უნივერსიტეტი, აღნიშნული გარემოებებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების გათვალისწინებით, მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, ხოლო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში - საქართველოს პროკურატურასაც, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის გავრცელების კანონიერება და პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „სტუდია მონიტორმა” სტატია მიზანმიმართულად, საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობისა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოამზადა და გაავრცელა, რაც სიმართლის დადგენას კი არა, უნივერსიტეტის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეეგუება დაუსრულებელი აუდიტის მასალების საკუთარი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და მოითხოვს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვისი მოქმედებებიც კანონის დარღვევას და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვას უკავშირდება”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.