საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ღვაწლმოსილ თანამშრომლებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის უნივერსიტეტის თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლები, ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, გადაეცათ სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, ინჟინერს, მეცნიერსა და მეცენატს იოსებ კირცხალიას და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს, ხოლო საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ მაჭავარიანი და ამავე ფაკულტეტის შახტი-ლაბორატორიის უფროსი მექანიკოსი მერაბ მაისურაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტის განვითარებაში ფასდაუდებელია იმ მკვლევართა და პედაგოგთა ღვაწლი, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურებიან მეცნიერებას, განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მათი ამაგის დაფასება.
„დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ ადამიანები, რომლებმაც უნივერსიტეტს მრავალი წელი, ფუნდამენტური ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნეს. თითოეული მათგანის მიღმა თაობების აღზრდისთვის გაწეული დაუღალავი შრომა, ასევე, საინჟინრო დარგებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან. მათი ღვაწლი, გამოცდილება და სტუდენტებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში აყალიბებდა იმ გარემოს, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მადლობა მათ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ამ საპატიო ჯილდოებითაც გადავუხადოთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – სტუ-ის „ოქროს მედალი” – რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სხვა სიახლეები
გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის - “ECCES 2026” გახსნაში მიიღო მონაწილეობა
12.10.2026.17:18
თბილისში იმართება სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - “ECCES 2026”, რომლის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში კენ ვოლკერის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე. როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება ათი წლის ვადით მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სამედიცინო განათლების აკრედიტაციის სისტემის განვითარებისა და ქართული სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ეკა ეკალაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ორდღიანი კონფერენცია თემაზე – „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“ – ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, დოქტორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში და სტუდენტთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობაზე.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრების გამოფენას, ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებს და კლინიკურ მასტერკლასებს.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი აკადემიური კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობის შექმნას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებასა და სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები, სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები და პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებს.