საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციათა ციკლი ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების საფუძველზე, მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა ლინო ბიანკომ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორ ბიანკოს ლექციების სერია ფართო თემატიკას მოიცავდა და შეეხებოდა როგორც ანტიკური არქიტექტურული აზროვნების საფუძვლებს - კერძოდ, რომაელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის, ვიტრუვიუსის ნაშრომებს - ისე თანამედროვე არქიტექტურული დისკურსის ცენტრალურ საკითხებს, მათ შორის არქიტექტურულ ღირებულებათა სისტემას და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს.
სტუ-ის სასწავლო სტუდია-სახელოსნოს - „არქიტექტურის პოეტიკა“ - ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესორ ლინო ბიანკოს ლექციათა ციკლი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მიმდინარე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების, კონცეფციებისა და კვლევითი მიმართულებების გაცნობას. პროფესორ დავით ბოსტანაშვილის თქმით, მსგავსი ფორმატის აკადემიური შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, არქიტექტურის ისტორიულ-თეორიული საფუძვლების გააზრებასა და თანამედროვე დიზაინის პრაქტიკებთან მათი ინტეგრაციის პროცესში.
„ლექციების სერია გამოირჩეოდა ინტერდისციპლინური მიდგომით. კლასიკური არქიტექტურული თეორიის საკითხები, მათ შორის ვიტრუვიუსის პრინციპები, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულებებისა და უნივერსალური დიზაინის კონცეფციებთან იყო დაკავშირებული. ასეთმა მიდგომამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა არქიტექტურა განეხილათ როგორც დინამიკური და მრავალშრიანი კულტურული ფენომენი.
პროფესორ ლინო ბიანკოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მალტის უნივერსიტეტს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესში. 2022 წლიდან პროფესორი ბიანკო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სადოქტორო პროგრამის რეცენზენტია; უფრო ადრე კი, 2015 წელს, არქიტექტურულ განათლებასა და პრაქტიკაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა მას საპატიო პროფესორის (Professor Honoris Causa) წოდება მიანიჭა. ამ ტიტულს ფლობენ ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე არქიტექტორები, როგორებიც არიან: კიშო კუროკავა, იუსტუს დაჰინდენი, დანიელ ლიბესკინდი და რიჩარდ ინგლენდი. ლინო ბიანკოს კანდიდატურა ამ წოდებაზე წარადგინა საქართველოს წამყვანმა არქიტექტორმა, აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ, რომელმაც მოგვიანებით მის შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა“, - აცხადებს პროფესორი დავით ბოსტანაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, პროფესორ ლინო ბიანკოს ვიზიტს, ამავე მობილობის ფარგლებში, წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი მალტის უნივერსიტეტში, კერძოდ - არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ბოსტანაშვილმა მალტის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციების ციკლი თემაზე - „არქიტექტურის პოეტიკა“. ლექციების თემატიკა მოიცავდა შესავალს, არქიტექტურის პოეტიკის ისტორიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არქიტექტურის პოეტიკის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვას.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურმა კურსმა - „არქიტექტურის პოეტიკა“, რომელიც პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის სწავლების ორიგინალური მეთოდით არის შემუშავებული, საერთაშორისო დაინტერესება არაერთხელ გამოიწვია. 2015 წლიდან სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტთან, ხოლო პროფესორმა, ლინო ბიანკომ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში არაერთი სტატია მიუძღვნა იმ ორიგინალურ აკადემიურ კურსს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა.
სხვა სიახლეები
სტუ-ის კურსდამთავრებული მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანია PwC - ის უფროსი მენეჯერია
10.06.2026.17:46
„დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახადო კონსულტაციების სფეროში, საკმაოდ გავლენიან საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიაში ვმუშაობ და ყოველდღიურად მიწევს მრავალფეროვანი და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტა, კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდებს ვურჩევ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად და პროფესიული უნარების განსავითარებლად. წარმატებული კარიერა ერთ დღეში არ იქმნება, რისთვისაც აუცილებელია შრომა, მიზანდასახულობა, სწავლა, რომელსაც ხარისხიანი განათლება გვაძლევს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია PwC (Pricewaterhousecoopers) უფროსი მენეჯერი ნინო ქვარაია აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს.
უნივერსიტეტის ცნობით, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვების მართვა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, ქართველი პროფესიონალები სულ უფრო ხშირად იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში. მათ შორისაა ნინო ქვარაია, რომელმაც პროფესიული წარმატების მიღწევა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში - PwC (Pricewaterhousecoopers) შეძლო.
ნინო ქვარაიამ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის „საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის“ სადოქტორო პროგრამა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, იგი აქტიურადაა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში ლოგისტიკის, ოპერაციების მენეჯმენტისა და მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით. ნინოს სამეცნიერო ნაშრომები ეხება თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - ინდუსტრია 4.0-ის გავლენას ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებაზე და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის ზრდას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის იყო დრო, როდესაც ჩამომიყალიბდა პროფესიული ხედვა და გავიაზრე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას. სასწავლო პროცესმა მომცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად მესწავლა როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სწორედ ეს კომპეტენციები დამეხმარა შემდგომში საერთაშორისო ბიზნესისა და საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში წარმატებით დამემკვიდრებინა თავი.
განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამხვდა - პროფესიონალი ლექტორები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული სივრცეები, რაც ქმნის მოტივაციას, რომ არ დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით და ყოველთვის ისწრაფვოდე მეტი ცოდნისა და პროფესიული სრულყოფისკენ. უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ წარმატება არ არის მხოლოდ მიღებული დიპლომი. წარმატება არის უწყვეტი სწავლა, შრომა, დისციპლინა და მზადყოფნა ახალი გამოწვევების მისაღებად. მადლობა უნივერსიტეტს“, - აცხადებს ნინო ქვარაია.
სტუ-ის ინფორმაციით, ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა. მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი. 2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.
ნინო ქვარაიას კარიერული გზა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო განათლების, პროფესიული განვითარების და უწყვეტი სწავლების მეშვეობით მსოფლიო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბება.
მისი საქმიანობა წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს ახალგაზრდა ქართველებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსების, ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში კარიერის შექმნას გეგმავენ.