სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ორდღიანი ღონისძიება საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის მიღწევებისა და პროგრესის განხილვას მიეძღვნა.
ღონისძიება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე და აღნიშნა, რომ სებ-ი მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში.
"ჩვენს გარემოში, როდესაც ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების როლი საფინანსო სექტორში სწრაფად იზრდება, სექტორის მომავალი ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ქვეყანაში. უფრო მეტიც, გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციების ჰაბი“,- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სექტორის განვითარებისთვის სწორი რეგულირების მნიშვნელობასა და ეროვნული ბანკის ღია რეგულირების მიდგომაზე.
"ჩვენი ამოცანაა სასურველი გარემო შევქმნათ კომპანიებისათვის, რომლებსაც რეგიონული და გლობალური გაფართოების ამბიციები აქვთ", - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა შექმნა ინოვაციების ოფისი, საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ინოვაციური იდეების მფლობელებს, როგორც იურიდიულ, ასევე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მოდელის მდგრადობის ნაწილში.
გარდა ამისა, სებ-ში ფუნქციონირებს რეგულირების ლაბორატორია, რომლის მიზანია შექმნას უსაფრთხო და სამართლიანი მარეგულირებელი გარემო რეგულირების ტესტირებისთვის. ის აძლევს რეგულირებად სუბიექტებს შესაძლებლობას, გამოსცადონ ახალი იდეები და მოარგონ მათი პროდუქტები ბაზრის საჭიროებებს.
მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სფეროში კონკურენციის ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობისთვის ეროვნულმა ბანკმა დანერგა ციფრული ბანკის ლიცენზია. ამ დროისთვის ბაზარზე 3 ციფრული ბანკი ოპერირებს. გასულ წელს სებ-მა ასევე დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულირება და ღია ბანკინგი.
ფინტექის წლიური შეხვედრაში პრეზენტაცია წარადგინა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ.
ღონისძიებას საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია და ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.