სქილვილის სტუდენტები სრული დაფინანსებით ლუგანოში, Plan ₿ Forum 2026-ზე გაემგზავრებიან
სქილვილის სტუდენტები სრული დაფინანსებით შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაემგზავრებიან და Plan ₿ Forum 2026-ს დაესწრებიან. საერთაშორისო ფორუმი მათ შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებს, შეხვდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება მიიღონ.
ფორუმზე სქილვილის სხვადასხვა პროფესიული სადიპლომო პროგრამის სტუდენტები გაემგზავრებიან. ისინი დაესწრებიან საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებსა და დისკუსიებს, გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიურ მიმართულებებს და პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.
ლუგანოში მიღებული გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარება, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოს დაუკავშირონ და უკეთ დაინახონ, რა უნარებსა და კომპეტენციებზე იზრდება მოთხოვნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
„ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა საერთაშორისო გამოცდილებას დავუკავშირო. განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ მუშაობენ თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიები და რა მიდგომებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს სქილვილის სტუდენტი ლიზი კაჭარავა.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა სტუდენტებისთვის მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებას არ ნიშნავს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს, გაიზიარონ გამოცდილება და საკუთარი პროფესიული ინტერესები უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ.
„ტექნოლოგიური სფერო სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია, მუდმივად აკვირდებოდე ახალ ტენდენციებს. ფორუმისგან ველოდები ახალ იდეებს, პროფესიულ კავშირებსა და გამოცდილებას, რომელიც სამომავლო განვითარებაში დამეხმარება“, - აღნიშნავს სქილვილის სტუდენტი გიორგი თვარაძე.
ლუგანოში გამგზავრებისა და Plan ₿ Forum-ში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური ბარიერის გარეშე მიიღონ, პროფესიული ცოდნა გაიღრმაონ და საერთაშორისო ინდუსტრიის წარმომადგენლებს უშუალოდ შეხვდნენ.
საერთაშორისო გამოცდილება, როგორც განათლების ნაწილი
ლუგანოში გამგზავრება სქილვილის სტუდენტებისთვის პირველი საერთაშორისო შესაძლებლობა არ არის. კოლეჯის სტუდენტები უკვე მონაწილეობდნენ ტოკიოში გამართულ World Youth Leadership Conference-ში, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა ლიდერები და ინოვატორები გააერთიანა.
ტოკიოში მონაწილეები ჩაერთნენ საერთაშორისო დისკუსიებსა და პრაქტიკულ სესიებში, სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს და ახალი პროფესიული კავშირები დაამყარეს.
„საერთაშორისო გარემოში მუშაობა საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებული პერსპექტივიდან გაჩვენებს. ასეთ შეხვედრებზე მიღებული გამოცდილება გაძლევს მეტ თავდაჯერებას, ახალ მოტივაციას და გეხმარება, უფრო მკაფიოდ განსაზღვრო სამომავლო პროფესიული მიზნები“, - ამბობს სქილვილის სტუდენტი რუსუდან ბექაური.
სქილვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ პროექტებში სტუდენტების მონაწილეობის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს. კოლეჯის საერთაშორისო კალენდარშია:
• Plan ₿ Forum - ლუგანო;
• ICT Study Mobility - შვეიცარია;
• World AI Cannes Festival - კანი;
• GITEX AI Mediterranean - რომი;
• London Tech Week - ლონდონი.
საერთაშორისო ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ინდუსტრიის მოთხოვნებს, დაამყარონ პროფესიული კავშირები და მიღებული ცოდნა საკუთარ განვითარებასა და სასწავლო პროცესში გამოიყენონ.
„ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროფესიულ გარემოში მიღებული გამოცდილება და იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროს ქმნიან. მსურს, უკეთ გავეცნო ქსელებისა და სისტემების მიმართულებით არსებულ ახალ მიდგომებს, მიღებული ცოდნა საკუთარ პროფესიულ განვითარებაში გამოვიყენო და დაბრუნების შემდეგ სხვა სტუდენტებსაც გავუზიარო“, - ამბობს სქილვილის სტუდენტი ნიკა ქარჩავა.
ლუგანოდან დაბრუნების შემდეგ სტუდენტები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სქილვილის აკადემიურ საზოგადოებას გაუზიარებენ. ამგვარად, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება მხოლოდ კონკრეტული მონაწილეების მიღწევად არ დარჩება და კოლეჯის საერთო სასწავლო გარემოს ნაწილად იქცევა.
საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნით სქილვილი სტუდენტებს ეხმარება, პროფესიული განათლება გლობალურ გამოცდილებას დაუკავშირონ, უკეთ მოემზადონ თანამედროვე შრომის ბაზრისთვის და საკუთარი კარიერული შესაძლებლობები საქართველოს ფარგლებს გარეთაც დაინახონ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს
25.11.2026.11:39
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მონაწილეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, რითაც ხაზი გაესვა მათი აქტიური ჩართულობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ფესტივალში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისა და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერები და მათი აკადემიური მენტორები, რომლებმაც ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგები, წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური მოწყობილობები, ინოვაციური პროექტები, პრაქტიკული დანიშნულების მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რითაც წარმოაჩინეს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების მრავალფეროვნება და ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო შესაძლებლობები.
როგორც მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, ფესტივალი ხელს უწყობს მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას და რეგიონებში არსებული სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. პროფესორ მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფესტივალში ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს და წარმატებით წარმოაჩენს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდა მეცნიერთა მიღწევებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნათლად წარმოაჩენს იმ სამეცნიერო მიმართულებების მრავალფეროვნებასა და კვლევით პოტენციალს, რომელიც სტუ-ში არსებობს. ამასთანავე, ფესტივალი უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას გააცნოს საკუთარი სამეცნიერო მიღწევები, წარმოადგინოს ახალი ტექნოლოგიური დამუშავებები და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
„მეცნიერების განვითარება მხოლოდ სამეცნიერო კვლევების განხორციელებას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება, სამეცნიერო მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება. მეცნიერების რეგიონული ფესტივალი სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანების შრომისა და ჩართულობის დაფასება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ მეცნიერების პოპულარიზაციას, ინოვაციური იდეების წარმოჩენასა და სამეცნიერო კულტურის განვითარებას. მადლობის სიგელები მათი ძალისხმევის აღიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის წახალისების გამოხატულებაა“, - აღნიშნა მიხეილ ჯანიკაშვილმა.
სტუ-ის ცნობით, სიგელები გადაეცათ სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: რევაზ სახვაძეს, მარი თებიძეს, ქრისტინე მუსელიანს, ლია იმნაიშვილს, გვანცა ყრუაშვილს, ირმა ლაგვილავას, ნინო კარტოზიას, მარიამ ბარამიას, ანა ვარდიაშვილს, მარიამ წიკლაურს, თამარ ჯიქიას, გიორგი ფეიქრიშვილს, სანდრო სართანიას, ირაკლი ყანჩელს, ლუკა მაქსიმილიან კუპტაშვილს, სალომე გურჩიანს, ანი ჭიღლაძეს, თამარ ზურაბიანს, გიორგი ფანცულაიას, ერეკლე ტეფნაძეს, გოჩა ზედგინიძეს, ლუკა ბუთურიშვილს, ნათია ქოჩლაძეს, ეკატერინე ჭელიძეს, გიორგი მუმლაძეს, იამზე ქვარცხავას, ნათია მარგიანს, თამარ გედევანიშვილს, მაია გოგორიშვილს, ანანო მჭედლიშვილს, რეზი გურგენიძესა და გიორგი ფალავანდიშვილს.