სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ - 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.
მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.