მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს

news image
mbc image

„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად იკვეთება. სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობა ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე - ARTFF 2026. ფესტივალი საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირება ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის, ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მზარდი გავლენა ამ ინდუსტრიებზე. ჩვენთვის, როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, ეს საკითხი ორმაგად საინტერესოა, ერთი მხრივ, სტუდენტები ეცნობიან ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხოლო მეორე მხრივ, ხედავენ, როგორ გარდაიქმნება მათი გამოყენებით სრულიად განსხვავებული სფეროები და იქმნება ახალი ბიზნეს და პროფესიული შესაძლებლობები“, - ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას, სადაც ARTFF 2026-ის მნიშვნელობასა და ფესტივალზე სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრა, განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები: დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ლელა კოჭლამაზაშვილი, მარინა მეტრეველი, ასოცირებული პროფესორი ნანი მამფორია და სტუდენტები ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო ფილმების ფესტივალს - ARTFF 2026-ს დაესწრნენ და ფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და პროფესიულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

საერთაშორისო ფესტივალმა კინოს, ხელოვნების, მოგზაურობისა და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას, ინოვაციურ მიდგომებსა და ინდუსტრიის განვითარების უახლეს ტენდენციებს. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცეში, მათ შორის, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესიული ცოდნის გაფართოებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ ჩატარებულ ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა ხელოვნებისა და მოგზაურობის სფეროების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განვითარების ტენდენციების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მზარდ როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში, მათ შორის, ხელოვნების, ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ვინაიდან თანამედროვე ბიზნესგარემო სულ უფრო მეტად ეფუძნება ტექნოლოგიური ინოვაციების, მონაცემთა ანალიზის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, აკადემიური სივრცის მიღმა დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ გარდაქმნის ახალი ტექნოლოგიები შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარების ხელშესაწყობად.

„ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშორისო პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაციამ სტუდენტებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ რეალურ პროფესიულ გამოცდილებას, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და უკეთ დაენახათ კავშირი უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებს შორის. ARTFF 2026-ის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები სტუდენტებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, გააფართოონ პროფესიული და აკადემიური ინტერესების სფერო, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების გამოცდილებას. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინტერდისციპლინური ხედვისა და საერთაშორისო კომპეტენციების განვითარებას. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა უმაღლესი განათლების თანამედროვე ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში ბიზნესის, ხელოვნების, კულტურისა და ტურიზმის სფეროები სულ უფრო მეტად იკვეთება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პროფესიული განვითარების, ისე ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბებისთვის. ვფიქრობ, ARTFF 2026-ის გამოცდილება ჩვენი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ დაანახა, რომ თანამედროვე ბიზნესტექნოლოგიები მხოლოდ ტრადიციულ ბიზნესს არ უკავშირდება. ტექნოლოგიური ცოდნა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება კულტურის, ხელოვნების, ტურიზმისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებისთვის და ამ პროცესში იქმნება ახალი პროფესიები, ახალი სერვისები და ახალი ბიზნესმოდელები. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური ხედვის განვითარებაა ის მიმართულება, რომელსაც ჩვენი ფაკულტეტი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს“, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია

20.11.2026.16:31

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაათვალიერა, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმების უნიკალურ კოლექციებს, ასევე უახლესი აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და გემოლოგიის ცენტრს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნინო წილოსანი გაეცნო საუნივერსიტეტო მუზეუმებში დაცულ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბადოებიდან მოპოვებული მინერალების, მადნებისა და ქანების მრავალფეროვან ნიმუშებს, ექსპონატების წარმომავლობას, მათ გეოლოგიურ თავისებურებებს, სამეცნიერო ღირებულებასა და სასწავლო თუ სამრეწველო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმების მნიშვნელობას საქართველოს ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური მრავალფეროვნებისა და წიაღისეულის პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.

სტუ-ის პროფესორის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს წევრის ნოდარ ფოფორაძის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის კოლექცია 5000-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა და მადანგამოვლინების ნიმუშები, ასევე, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესისთვის დამახასიათებელი ქანები, მადნები და მინერალები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი, არამედ სამეცნიერო დანიშნულებისაა.

„სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის პირველ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგიური ნიმუშები, მეორე კი - ძირითადად საქართველოს საბადოებსა და მადანგამოვლინებებს ეძღვნება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს მაკეტებს.

სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის განსაკუთრებული ღირებულება მის პრაქტიკულ დანიშნულებაშიც მდგომარეობს. იშვიათი კოლექციები სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას უქმნის, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გეოლოგიურ ნიმუშებს, შეისწავლონ მათი მახასიათებლები და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ამასთანავე, ეს მუზეუმი, ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო მუზეუმები, წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს საქართველოს მინერალური რესურსებისა და გეოლოგიური მემკვიდრეობის შესასწავლად“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.

ვიზიტის ფარგლებში ნინო წილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, პედაგოგები და მეცნიერ-მკვლევრები. მხარეებმა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის, შესაძლებლობებისა და ქვეყნისთვის სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობის, ასევე მისი განვითარების გზების შესახებ ისაუბრეს.

როგორც სტუ-ის რექტორი აცხადებს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებაა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფაკულტეტის საქმიანობა უკავშირდება გეოლოგიის, სამთო საქმის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და რაციონალური გამოყენების, აგრეთვე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ ნინო წილოსანს შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გაცნობოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, ფაკულტეტის საქმიანობასა და იმ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც ჩვენს აკადემიურ სივრცეშია თავმოყრილი. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა გეოლოგიისა და სამთო დარგის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროებს პირდაპირი კავშირი აქვს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასთან.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მოსაპირკეთებელი ქვების, თიხებისა და ცეოლითების მოპოვება-გადამუშავების პოტენციალის ზრდაზე, ახალი საბადოების ათვისებისა და აღნიშნული მიმართულებებით წარმოების გაფართოების შესაძლებლობებზე. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მინერალურ-სანედლეულო რესურსების ეფექტიანი გამოყენება საჭიროებს თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, დარგის განვითარების ერთიან ხედვასა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა