სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა, კონსორციუმის წევრის სტატუსით, ერევანში საერთაშორისო საგრანტო პროექტ WARIE-ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი და სტუ-ის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა), ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „WARIE - ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) - ოფიციალურ გახსნასა და პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიების ოფიციალურ გახსნას სტუ-ის მეცნიერებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. სამეცნიერო ღონისძიება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ და თავის გამოსვლაში ხაზგასმით ისაუბრა „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობის, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის შეფასებით, საერთაშორისო საგრანტო პროექტში - WARIE - მონაწილეობა ქართველი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა გაძლიერდეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გაფართოვდეს კვლევითი შესაძლებლობები და განვითარდეს პარტნიორობა ევროპულ სამეცნიერო ცენტრებთან. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციების ჩართულობა ევროპულ კვლევით სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგიონული შესაძლებლობების განვითარებას.
„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. ამ ოთხწლიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური კვლევითი Excellence ცენტრები, რომელთა საქმიანობამ უნდა მოიცვას ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროები, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი სამეცნიერო პოტენციალის ჩამოყალიბებას, ნიჭიერი კადრების პროფესიულ განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. WARIE-ის პრიორიტეტულ მიზნებში ასევე შედის სამეცნიერო კვლევების მართვის სისტემების გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარება, ღია მეცნიერებისა და FAIR პრინციპების მხარდამჭერი ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვა და ევროკავშირის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან მდგრადი ინსტიტუციური კავშირების ჩამოყალიბება.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპაში“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს საერთაშორისო კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას”, - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საგრანტო პროექტმა WARIE დაფინანსება 2025 წელს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe / European Excellence Initiative - EEI) HORIZON-WIDERA-2025-01 კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. WARIE-ის კონსორციუმში გაერთიანებულია 13 წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება 8 ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, გერმანია, მოლდოვა, საფრანგეთი, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი. პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.