სტუ-ის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა პოლონეთში დემოკრატიის მომავალსა და ევროკავშირის გამოწვევებზე გამართულ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, სასწავლო-კვლევითი კლასტერის - „სახელმწიფო-სამართალი-კულტურა“ - ხელმძღვანელმა მამუკა ბერიაშვილმა, პოლონეთში განხორციელებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ვიზიტის ფარგლებში, ვარშავისა და პოზნანის წამყვან აკადემიურ და კვლევით ცენტრებში საჯარო ლექციები წაიკითხა, მოხსენებებით წარდგა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად თანამედროვე დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ევროპის პოლიტიკური განვითარების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პროფესორი მამუკა ბერიაშვილი ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ადამ მიცკევიჩის სახელობის პოზნანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოზნანის დასავლეთის ინსტიტუტსა და ვარშავაში მოქმედ ფონდ „ველიკა პოლსკაში“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობდა. შეხვედრების თემატიკა მოიცავდა როგორც პოლიტიკური ფილოსოფიისა და სამართლის თეორიის ფუნდამენტურ საკითხებს, ისე თანამედროვე ევროპის წინაშე არსებულ პოლიტიკურ, ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ გამოწვევებს.
ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მამუკა ბერიაშვილმა საჯარო ლექცია თემაზე - „დემოკრატიის ცნების განმარტებისათვის“ - გამართა. სტუ-ის პროფესორმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან თეორიულ პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე პოლიტიკური და სამართლებრივი აზროვნების ცენტრში დგას: რას ნიშნავს დემოკრატია, რა განსაზღვრავს მის ნამდვილ შინაარსს და რამდენად საკმარისია მხოლოდ ფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა დემოკრატიული სახელმწიფოს არსის გასაგებად; პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი წარდგა თემით - „მოდერნული სამართლებრივ-დემოკრატიული (სოციალური) სახელმწიფოს პრინციპები და მოქმედების დიაპაზონი“. აღნიშნული საკითხი თანამედროვე სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეორიულ და პრაქტიკულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სამართლებრივი, დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები ქმნის იმ კონსტიტუციურ-ღირებულებით საფუძველს, რომელზეც თანამედროვე სახელმწიფოს ლეგიტიმურობა და საზოგადოებრივი ფუნქციონირებაა დამოკიდებული.
ვარშავაში, ფონდ „ველიკა პოლსკას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი საზოგადოების წინაშე მოხსენებით - „დემოკრატიის კრიზისი და თანამედროვე დემოკრატიული სისტემების ხელახალი გადააზრების აუცილებლობა“ - წარდგა. მოხსენების თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო აკადემიური და საზოგადოებრივი დისკურსის ფონზე.
პროფესორ მამუკა ბერიაშვილის პოლონური სამეცნიერო ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოზნანის დასავლეთის ინსტიტუტში გამართული დისკუსია თემაზე - „პოლონეთისა და გერმანიის როლი ევროკავშირის განვითარების საკითხში“. დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი მიხალ ნოვოსელსკი. მთავარი რეფერენტები იყვნენ პროფესორები მიხალ ნოვოსელსკი და მამუკა ბერიაშვილი, აგრეთვე დოქტორი იუსტინა შულცი. შეხვედრის თემატიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის პოლიტიკური და ინსტიტუციური განვითარების კონტექსტში, ვინაიდან პოლონეთი და გერმანია ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან.
როგორც სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, დისკუსიაში პროფესორ მამუკა ბერიაშვილის მონაწილეობა ქართული აკადემიური სივრცის აქტიურ ჩართულობას წარმოაჩენს იმ საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგში, რომელშიც ევროპის პოლიტიკური მომავალი, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, ინტეგრაციის პერსპექტივები და დემოკრატიული მმართველობის საკითხები ერთიან კვლევით კონტექსტში განიხილება.
„თანამედროვე უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის საერთაშორისო ინტელექტუალურ სივრცეში წარმოჩენა და გლობალურ აკადემიურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი პროფესორების საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობას, სამეცნიერო დისკუსიებსა და აკადემიურ გაცვლას. მსგავსი ვიზიტები ქმნის ცოდნის ტრანსფერის, ახალი კვლევითი პერსპექტივების ჩამოყალიბების, ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავებისა და ქართული აკადემიური სკოლის საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვან წინაპირობებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პროფესორ მამუკა ბერიაშვილის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ვიზიტი პოლონეთში, რომლის აკადემიური შინაარსი და თემატური მრავალფეროვნება თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი აზროვნების ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს. დემოკრატიის ცნების ფილოსოფიური და თეორიული გააზრება, სამართლებრივ-დემოკრატიული სოციალური სახელმწიფოს პრინციპების კვლევა, თანამედროვე დემოკრატიული სისტემების წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთისა და გერმანიის როლი - პროფესორმა ბერიაშვილმა საერთაშორისო აკადემიურ აუდიტორიასთან ეს საკითხები წარმოადგინა როგორც საჯარო ლექციებისა და სამეცნიერო მოხსენებების ავტორმა და საერთაშორისო დისკუსიის სრულფასოვანმა მონაწილემ. საგულისხმოა, რომ თავის გამოსვლებში მან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ თემატიკაზე, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობის ასპექტებზე. მსგავსი ინტელექტუალური ჩართულობა ხელს უწყობს ქართული სამეცნიერო აზრის ინტერნაციონალიზაციას, ამყარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ კავშირებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის პროფესურისა და მკვლევრების შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ თანამედროვე სამეცნიერო დისკურსის განვითარებაში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი პოლონეთში სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიზნით იყო მიწვეული. ვიზიტი განხორციელდა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის, ადამ მიცკევიჩის სახელობის პოზნანის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოზნანის დასავლეთის ინსტიტუტისა და ფონდ „ველიკა პოლსკას“ ინიციატივით. ვიზიტის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყვეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაცია მიროშევსკის ცენტრმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. აღსანიშნავია, რომ მიროშევსკის ცენტრი პოლონეთის სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კვლევითი და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობს. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ისტორიის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხების კვლევა, ასევე სამეცნიერო ღონისძიებების, საჯარო დისკუსიებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.