სტუ-ის რექტორი - 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 108-ე წლისთავს ულოცავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც მილოცვაშია აღნიშნული, 1918 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - დღე, როდესაც ქართველმა ერმა თავისუფლების, ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების მკაფიო განაცხადი გააკეთა და ღირსეულად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს.
„26 მაისი თითოეული ქართველისთვის ეროვნული სიამაყის, თავისუფლებისა და უდიდესი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის დღეა. ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც ჩვენი ერის ურყევი ნების, დამოუკიდებლობისკენ განუწყვეტელი სწრაფვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მომავლის მტკიცე რწმენის სიმბოლოდ იქცა.
დღეს, უპირველეს ყოვლისა, უდიდეს პატივს მივაგებთ წინაპრებს - 26 მაისმა შექმნა საძირკველი, რომელზეც საქართველოს აწმყო და მომავალი შენდება. ჩვენი ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და მათ მამულიშვილობისა და ქვეყნის სამსახურის ღირსეული მაგალითი ვუჩვენოთ.
თანამედროვე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში დამოუკიდებლობის მოპოვებაზე არანაკლებ რთული მისი შენარჩუნება და განმტკიცებაა. ამ გზაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისკენ. სწორედ სტაბილური და მშვიდობიანი გარემოა ის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სამეცნიერო პროგრესი და ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს შენება.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის სიყვარული, წინაპრებისადმი პატივისცემა და მომავლის რწმენა გვაერთიანებდეს და გვაძლიერებდეს უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად.
მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა ჩვენს სამშობლოს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვა გაიმართა
14.07.2026.15:08
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი თაობის პირველი წარმომადგენლები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული საავიაციო საინჟინრო სკოლის თანამედროვე განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. მათ მიერ სადიპლომო ნაშრომების წარმატებით დაცვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ერთგულად აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საინჟინრო მიმართულებების განვითარებას,“– ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების დაცვის შემდეგ განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში პირველი კურსდამთავრებულების სადიპლომო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პირველი კურსდამთავრებულების წარმატება ნათელი დასტურია იმისა, რომ აღდგენილმა პროგრამამ შეასრულა თავისი მთავარი დანიშნულება - დაიწყო ქვეყნისთვის საავიაციო ინჟინრების მომზადება. ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში საავიაციო საინჟინრო განათლების აღდგენისა და განვითარების პროცესში, რომლის მიზანია ქვეყნისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრების მომზადება.
„მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების წარმატება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ჩვენი ფაკულტეტისთვის, ისე ქართული საინჟინრო განათლებისთვის. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება სწორი და შედეგიანი იყო. ვულოცავ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გააგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას, საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით კი ხელს შეუწყობენ როგორც ქართული საავიაციო ინდუსტრიის, ისე ეროვნული საინჟინრო სკოლის შემდგომ განვითარებას“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, პროგრამის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტუ-ის საპატიო დოქტორს და ქართული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, პანტიკო თორდიას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, პროგრამას ხელმძღვანელობს ქართული საავიაციო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი, პროფესორი რამინ ზუკაკიშვილი. მისივე თქმით, საქართველოში საავიაციო სპეციალისტების მომზადების განახლება განპირობებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებითა და კვალიფიციურ საინჟინრო კადრებზე მზარდი მოთხოვნით.
„ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამა, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გაიზარდა პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება, რაც დარგის განვითარებისა და ახალი თაობის საინჟინრო კადრების მომზადებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია.
ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ფასდაუდებელია მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანმიმართული მხარდაჭერა. საავიაციო ინჟინერიის პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად აღიარება, მისაღები კონტინგენტის გაზრდა და, რაც მთავარია, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის სრული სახელმწიფო დაფინანსება ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი აკადემიური ხედვა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები სრულ თანხვედრაშია. წარმატებებს ვუსურვებ კურსდამთავრებულებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, 1968 წელს, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოამზადა მაღალკვალიფიციური საავიაციო ინჟინრები ქართული საავიაციო ინდუსტრიისათვის. მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდნენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან საავიაციო კომპანიებში. სამწუხაროდ, რიგი მოვლენებიდან გამომდინარე სტუ-ში 2005 წელს საავიაციო ინჟინრების მომზადება შეწყდა.