სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
რექტორის თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია, რომელიც მათთვის ახალი შესაძლებლობებისა და პროფესიული განვითარების გზას ხსნის.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო,
გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთის დაწყებას. ეს დღე ახალი შესაძლებლობების, პასუხისმგებლობისა და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდი მიზნისკენ მიმავალი გზის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევას და დასახული მიზნების განსახორციელებლად წარმატებულ ნაბიჯს გადადგამს.
გისურვებთ წარმატებით დაძლიოთ ყველა გამოცდა, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შეძლოთ იმ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და თითოეულ თქვენგანს წარმატებას, ჯანმრთელობასა და ღირსეული მომავლისკენ მიმავალ გზაზე გამარჯვებების მიღწევას გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
20.11.2026.16:31
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაათვალიერა, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმების უნიკალურ კოლექციებს, ასევე უახლესი აპარატურითა და დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და გემოლოგიის ცენტრს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ნინო წილოსანი გაეცნო საუნივერსიტეტო მუზეუმებში დაცულ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბადოებიდან მოპოვებული მინერალების, მადნებისა და ქანების მრავალფეროვან ნიმუშებს, ექსპონატების წარმომავლობას, მათ გეოლოგიურ თავისებურებებს, სამეცნიერო ღირებულებასა და სასწავლო თუ სამრეწველო პროცესში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმების მნიშვნელობას საქართველოს ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური მრავალფეროვნებისა და წიაღისეულის პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
სტუ-ის პროფესორის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს წევრის ნოდარ ფოფორაძის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის კოლექცია 5000-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა და მადანგამოვლინების ნიმუშები, ასევე, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესისთვის დამახასიათებელი ქანები, მადნები და მინერალები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი, არამედ სამეცნიერო დანიშნულებისაა.
„სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის პირველ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგიური ნიმუშები, მეორე კი - ძირითადად საქართველოს საბადოებსა და მადანგამოვლინებებს ეძღვნება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს მაკეტებს.
სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის განსაკუთრებული ღირებულება მის პრაქტიკულ დანიშნულებაშიც მდგომარეობს. იშვიათი კოლექციები სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას უქმნის, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გეოლოგიურ ნიმუშებს, შეისწავლონ მათი მახასიათებლები და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ამასთანავე, ეს მუზეუმი, ისევე როგორც სხვა საუნივერსიტეტო მუზეუმები, წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს საქართველოს მინერალური რესურსებისა და გეოლოგიური მემკვიდრეობის შესასწავლად“, - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე.
ვიზიტის ფარგლებში ნინო წილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, პედაგოგები და მეცნიერ-მკვლევრები. მხარეებმა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის, შესაძლებლობებისა და ქვეყნისთვის სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობის, ასევე მისი განვითარების გზების შესახებ ისაუბრეს.
როგორც სტუ-ის რექტორი აცხადებს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებაა. აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ფაკულტეტის საქმიანობა უკავშირდება გეოლოგიის, სამთო საქმის, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და რაციონალური გამოყენების, აგრეთვე მთის მდგრადი განვითარების მიმართულებებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ ნინო წილოსანს შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გაცნობოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალს, ფაკულტეტის საქმიანობასა და იმ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც ჩვენს აკადემიურ სივრცეშია თავმოყრილი. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარებისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა გეოლოგიისა და სამთო დარგის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროებს პირდაპირი კავშირი აქვს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებასთან.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მოსაპირკეთებელი ქვების, თიხებისა და ცეოლითების მოპოვება-გადამუშავების პოტენციალის ზრდაზე, ახალი საბადოების ათვისებისა და აღნიშნული მიმართულებებით წარმოების გაფართოების შესაძლებლობებზე. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მინერალურ-სანედლეულო რესურსების ეფექტიანი გამოყენება საჭიროებს თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, დარგის განვითარების ერთიან ხედვასა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.