სტუ-ის რექტორი ემერიტუსი პროფესორის - მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუსის, გამოჩენილი მეცნიერის, ინჟინრის, ენერგეტიკის დარგის თვალსაჩინო მკვლევარისა და პედაგოგის, პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო და საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს ლორთქიფანიძეების ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის სახელი განუყოფლად არის დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და უმაღლესი ტექნიკური განათლების განვითარებასთან.
მერაბ ლორთქიფანიძე მრავალი წლის განმავლობაში ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის, სამშენებლო მასალების, ბეტონის ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკული ნაგებობების კვლევაში, აღზარდა არაერთი თაობის ინჟინერი და მკვლევარი. მისი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ბეტონის ზედამხედველობის, შეფასებისა და კონტროლის სამუშაოებში მონაწილეობა, რაც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იყო.
მერაბ ლორთქიფანიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას - როგორც პროფესორი, არა მხოლოდ ცოდნას უზიარებდა სტუდენტებს, არამედ კვლევისადმი ინტერესს, პასუხისმგებლობის გრძნობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს უნერგავდა. დღეს მისი აღზრდილები აგრძელებენ პედაგოგის გზას და ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ საინჟინრო სკოლას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და აღზრდილებს”, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციისთვის: პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძე 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო, რომელთაგან 11 უცხოეთშია გამოქვეყნებული. მას ეკუთვნის ორი მონოგრაფია, ორი სახელმძღვანელო, ოთხი გამოგონება და პატენტი. მის მიერ შემუშავებული იქნა ახალი მსუბუქი, მაღალი სიმტკიცის, წყალუჟონადი პოლიმერ-ლეჩო ბეტონი, რომლის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მეცნიერულად შეისწავლა.
მერაბ ლორთქიფანიძე იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აბრეშუმის გზის საერთაშორისო აკადემიის კომიტეტის წევრი (ჩინეთი), საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის - «Физико-технические проблемы горного производства» სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2003 წელს მერაბ ლორთქიფანიძემ დააფუძნა კავშირი „მეცნიერება და ენერგეტიკა“, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „ენერგია“ და ელექტრონული სამეცნიერო-ტექნიკური გამოცემის Energyonline.ge მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად, პროფესორი მერაბ ლორთქიფანიძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით არაერთი თაობის სტუდენტის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მეცნიერული საქმიანობის პარალელურად, პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქართული და მსოფლიო პოეზიის სიყვარული. იგი თავადაც წერდა და თარგმნიდა ლექსებს. პროფესორ მერაბ ლორთქიფანიძის მრავალწლიანი და ნაყოფიერი მოღვაწეობა სათანადოდ იყო დაფასებული. 2003 წელს იგი ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
სხვა სიახლეები
PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი
08.09.2026.13:07
გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ:
• საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;
• მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;
• შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.
• საქართველო, დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით, 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;
• შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დადასტურდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;
• საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ერთგვაროვნად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;
• კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;
• მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;
• 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;
2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და სხვადასხვა ეკონომიკის შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:
• ბულგარეთი
• მოლდოვა
• ყაზახეთი
• მალაიზია
• კვიპროსი
• ჩრდილოეთი მაკედონია
• სომხეთი
• აზერბაიჯანი
• ბრაზილია
• არგენტინა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.
PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზადყოფნას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.