სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა, დავით გრევემ და მირიან ფუტკარაძემ, პროფესორ ნონა ოთხოზორიას მენტორობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული ბანკის FinEdu პლატფორმასთან პარტნიორობით გამართულ კონკურსში - UNI4VERSE – FINEDU 2026 - მიიღეს მონაწილეობა. სტუდენტებმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმა Exsul წარადგინეს. პროექტმა კონკურსის ჟიურისა და პარტნიორი ორგანიზაციების მაღალი შეფასება დაიმსახურა. Exsul-ის განვითარების პერსპექტივით დაინტერესდა Founder University-ის წარმომადგენლობა, რომელმაც გუნდს ბიზნესმენტორინგი შესთავაზა. ამასთანავე, სტუდენტური გუნდი TBC Bank-ის რჩეული გახდა და ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თქმით, კონკურსში მონაწილეობას წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო შესარჩევი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საკუთარი ინოვაციური იდეებისა და ტექნოლოგიური პროექტების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც პროფესორი ნონა ოთხოზორია აცხადებს, შერჩევის პროცესი მნიშვნელოვანი იყო კონკურსისთვის პერსპექტიული სტუდენტური ინიციატივების გამოვლენისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„კონკურსის ფარგლებში, 26–30 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის სივრცეში, მონაწილეებისთვის ინტენსიური ტრენინგები და მენტორული პროგრამა ჩატარდა. სასწავლო-მოსამზადებელი პროცესი რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას მოიცავდა: ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას (AI/ML), პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, მეწარმეობასა და პროტოტიპირებას. ტრენინგების მიზანი იყო სტუდენტებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნის, მისი ფუნქციური შესაძლებლობების განსაზღვრისა და ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი.
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი Exsul სწორედ ამგვარი ინტეგრირებული მიდგომის მაგალითია. პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SME) შექმნილი ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს მარაგების, შეკვეთების, ლოგისტიკის, ფინანსებისა და ბიზნესანალიტიკის მართვას. მისი კონცეფცია ეფუძნება ბიზნესპროცესების ცენტრალიზებული მართვის პრინციპს და მიზნად ისახავს სხვადასხვა საოპერაციო მიმართულების ერთ სისტემაში მოქცევას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანობის ზრდას“, - აცხადებს ნონა ოთხოზორია.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის მირიან ფუტკარაძის თქმით: „პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება მისი ტექნოლოგიური არქიტექტურაა. Exsul აგებულია Rust პროგრამირების ენაზე, რაც სისტემის მაღალი წარმადობისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდება. პლატფორმა ითვალისწინებს კვანტური შიფრაციის დონის კიბერუსაფრთხოების მექანიზმებს, რაც მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას ასახავს. Exsul-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციური შესაძლებლობა Offline-რეჟიმია. სისტემა ინტერნეტთან კავშირის გარეშეც მუშაობს და 40-მდე მოწყობილობის სინქრონიზაციას გარე სერვერების გარეშე უზრუნველყოფს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა ინტერნეტთან უწყვეტ წვდომაზე არ არის დამოკიდებული ან რომლებსაც მონაცემების ადგილობრივ გარემოში მართვა სჭირდებათ. პლატფორმა თავსებადია Windows-ისა და Android-ის ოპერაციულ სისტემებთან, რაც მის გამოყენებას სხვადასხვა მოწყობილობასა და სამუშაო გარემოში შესაძლებელს ხდის. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს სრულ ინტეგრაციას RS.ge-სა და TBC Bank-ის სისტემებთან, რაც ბიზნესის ფინანსური და ადმინისტრაციული პროცესების ერთიან ციფრულ გარემოში მართვის შესაძლებლობას ქმნის“.
როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტი დავით გრევე აცხადებს: „სტუდენტური პროექტის მომზადებისა და კონკურსზე წარდგენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროფესორმა ნონა ოთხოზორიამ, რომლის მენტორობითაც ვიმუშავეთ პროექტის კონცეფციის დახვეწაზე, ფუნქციური შესაძლებლობების წარმოჩენასა და ბიზნესპოტენციალის განსაზღვრაზე. მენტორული მხარდაჭერა მოიცავდა არა მხოლოდ იდეის ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას, არამედ მისი ეკონომიკური და პრაქტიკული ღირებულების გააზრებას, რაც ინოვაციური პროდუქტის წარმატებული პრეზენტაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, სტუდენტების წარმატება მნიშვნელოვანია როგორც მათი პირადი და პროფესიული განვითარების, ისე ფაკულტეტზე ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განმტკიცებისთვის.
„ვულოცავ დავით გრევესა და მირიან ფუტკარაძეს კონკურსში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგს და მადლობას ვუხდი პროფესორ ნონა ოთხოზორიას სტუდენტების მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა კონკურსის ფინალურ ეტაპზე ჟიურისა და პარტნიორი ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო, ხოლო პროექტის ავტორებმა ბიზნესმენტორინგისა და TBC Bank-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიიღეს. ეს შედეგი ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ისეთი აკადემიური გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას“, – აცხადებს პროფესორი თალიკო ჟვანია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია Erasmus+ პროექტ LISS24-ის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო
09.11.2026.12:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა დელეგაცია ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València - UPV), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის საგრანტო პროექტის - LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციასა და საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით შეხვედრას დაესწრო.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვსი ქვეყნის ათი წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეჯამება, პარტნიორ უნივერსიტეტებში დანერგილი ინიციატივების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განხილვა და სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი ინსტიტუცია და საქართველოში მისი ეროვნული კოორდინატორია. უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმის დასკვნით ღონისძიებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, საინჟინრო განათლების მოდერნიზებისა და უნივერსიტეტებსა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.
სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, Erasmus+ LISS24 პროექტი 2023 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება. იგი ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building in Higher Education - CBHE) მიმართულების ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კოორდინატორია ფინეთის ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Turku University of Applied Sciences).
„პროექტის ძირითადი მიზანია სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში ინოვაციური შესაძლებლობებისა და ბიზნესთან ურთიერთობისთვის აუცილებელი კომპეტენციების გაძლიერება, განსაკუთრებით საინჟინრო განათლების მიმართულებით. ინიციატივა ორიენტირებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბიზნესგარემოში მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე. LISS24 განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესიდან ბიზნესზე (B2B) გაყიდვების თანამედროვე მეთოდების, ინოვაციების მართვისა და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომერციული საქმიანობის სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მიდგომები აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სტუდენტურ შეჯიბრებებსა და ბიზნესთან თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24 პროექტის ფარგლებში გაიხსნა ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab). იგი დაფუძნდა როგორც სამეცნიერო-კვლევითი ერთეული და წარმოადგენს მულტიფუნქციურ სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას B2B და B2C გაყიდვების მიმართულებით, აგრეთვე ბიზნესსექტორთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია ათი უნივერსიტეტი ფინეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან,სომხეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო კონსორციუმში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ვიენერ ნოიშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა B2B გაყიდვებისა და ინოვაციების მიმართულებით ახალი სასწავლო კურსების შემუშავება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება, აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადება, სტუდენტური კონკურსების ორგანიზება, გაყიდვების ლაბორატორიების შექმნა და უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ინფორმაციის თანახმად, LISS24-ის ფარგლებში შემუშავდა 11 ახალი და განახლდა 2 სასწავლო კურსი B2B გაყიდვებისა და ინოვაციების მიმართულებით. ასევე, სომხეთისა და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში შეიქმნა ექვსი გაყიდვების ლაბორატორია (Sales Labs), რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ გარემოში შეისწავლონ მომხმარებელთან ურთიერთობის, მოლაპარაკებების, გაყიდვების სტრატეგიებისა და ბიზნესპროცესების მართვის თანამედროვე მეთოდები.
პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სტუდენტურ კონკურსებს, რომლის მიზანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, პროფესიული უნარების შეფასება და ინოვაციური იდეების რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025 წლის ივნისში, პირველად საქართველოში, Erasmus+ LISS24 პროექტის ფარგლებში სტუდენტთა B2B გაყიდვების შეჯიბრება ჩატარდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს. პროექტის შედეგების დანერგვასა და მდგრად განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობას. ამასთანავე, LISS24-ის კონსორციუმმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უმაღლესი განათლების ექსპერტის სტატუსით მიიწვია, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობისა და პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციის პროცესში მის როლს კიდევ უფრო აძლიერებს.
სტუ-ის ინფორმაციით, ვალენსიაში გამართული შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პროექტის შედეგების გრძელვადიანი გამოყენების საკითხებს. განხილული იყო გაყიდვების ლაბორატორიების შემდგომი ფუნქციონირება, შემუშავებული სასწავლო კურსების საუნივერსიტეტო პროგრამებში ინტეგრირება, ბიზნესთან თანამშრომლობის გაგრძელება, ერთობლივი კვლევების განხორციელება და ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივების შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მიღებული გამოცდილების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ჩამოყალიბებული პროფესიული ქსელის განვითარების შესაძლებლობებზე.
LISS24-ის განხორციელებამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა თანამშრომლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, გაეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება, დაენერგა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები და გაეძლიერებინა კავშირი უმაღლეს განათლებასა და ბიზნესსექტორს შორის. პროექტის დასკვნითი ეტაპი არ წარმოადგენს პარტნიორობის დასრულებას. პირიქით, ვალენსიაში მიღწეული შეთანხმებები და ჩამოყალიბებული თანამშრომლობითი კავშირები საფუძველს ქმნის ახალი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და ინოვაციურ სივრცეში.