სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა - ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით, ხათუნა ახალაიას, რონი კვაჭაძისა და სანდრო კანდელაკის მენტორობით - 2026 წლის ცირკულარულ ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა და „თეგეტა გრინ პლანეტის“ სპეციალური აღიარება - „რჩეული გუნდი“ - მოიპოვა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტი წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციას ერთიან სისტემაში აერთიანებს. მისი საშუალებით ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები, გადაზიდვის კომპანიები და ავტოსერვისები შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და საჭირო ინფორმაციის გაცვლას.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ნარჩენების აღრიცხვისა და მათი გადაადგილების კონტროლის გამარტივება. სისტემა მომხმარებლებს დაეხმარება ნარჩენებთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებაში, შესაბამისი მონაცემების მართვასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. პროექტის ავტორების მიზანია, ტექნოლოგიური გადაწყვეტის მეშვეობით ნარჩენების მართვა უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს.
ალექსი მამნიაშვილის თქმით, გუნდმა პროექტზე მუშაობა ცირკულარული ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლით დაიწყო:
„გავეცანით ჩატარებულ კვლევებს, თავადაც მოვიძიეთ ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და გადასაჭრელად ერთ-ერთი პრობლემა შევარჩიეთ. ეს იყო ავტონარჩენების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, მათ შორის, მგვ ორგანიზაციების აღრიცხვის სისტემების შეუსაბამობა და გაუმართაობა, ასევე პოტენციური პარტნიორების მოძიების სირთულე. ამ საკითხების გადასაჭრელად ბევრი ვიმუშავეთ, ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა, რათა ჩვენი პროექტი - AutoLoop - შეგვექმნა“.
ნინო მიმინოშვილის განცხადებით, გუნდი ჰაკათონში მონაწილეობითა და მიღწეული შედეგით კმაყოფილია:
„ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ეს სამივე ჩვენგანისთვის პირველი ჰაკათონი იყო და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შევხვდებით მსგავს გამოწვევებს. არ ვიტყვით, რომ მონაწილეობა მარტივი იყო. იყო მომენტები, როდესაც ძალიან ვნერვიულობდით და საბოლოო შედეგის მისაღწევად დიდი შრომა დაგვჭირდა. თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ შესაძლოა, კომპანიის რჩეულ გუნდად არ დავესახელებინეთ, თუმცა ამის შესაძლებლობას ხელი არ შეუშლია ჩვენი სამუშაო პროცესისთვის“.
მარიამ წაქაძის შეფასებით, ჰაკათონი კარგად იყო ორგანიზებული, ხოლო სამუშაო გარემო მონაწილეთა კომფორტსა და საჭიროებებზე მორგებული:
„მენტორებისა და ორგანიზატორებისგან მივიღეთ ბევრი სასარგებლო რჩევა და დახმარება, რაც პროექტის შექმნასა და განვითარებაში გვჭირდებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო და პრაქტიკულად გამოსადეგი გამოცდილება, რომელსაც ჰაკათონის დასრულების შემდეგაც ვიყენებთ. გაგვიღრმავდა ცოდნა როგორც ცირკულარული ეკონომიკის, ისე იდეების რეალიზების, პროექტების წარდგენისა და განვითარების მიმართულებით. ვისწავლეთ მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. ვფიქრობთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლო საქმიანობასა და კარიერულ წინსვლაში“.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, სტუდენტების წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე და საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას გააცნონ.
„ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წინსვლას, ახალ მიღწევებსა და პროფესიულ განვითარებას.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჰაკათონში, წარმოადგენენ საინტერესო იდეებს და ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას. ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ასეთი ჩართულობა, მათი ინიციატივებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა.
ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის ჰაკათონებში რეგულარულად მონაწილეობენ. ამასთანავე, თავად უნივერსიტეტშიც ვატარებთ ჰაკათონებს, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ გუნდურად, განავითარონ ინოვაციური იდეები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და საკუთარი პროექტები წარმოადგინონ. გვინდა, სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობას დაუკავშირონ და თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ“, - აცხადებს პროფესორი თალიკო ჟვანია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა
30.10.2026.12:52
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ - გაიხსნა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამთო საქმისა და გეოლოგიის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და მინერალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.
კონფერენცია, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ხელს უწყობს დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„სამთო საქმე და გეოლოგია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მინერალურ-რესურსული პოტენციალი, რომლის ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, ახალი სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ კონფერენციას“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.
კონფერენციას ესწრებოდა მხარდამჭერი კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე. მისი განცხადებით, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო დარგის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასა და პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. მისივე თქმით, RMG, როგორც სამთო სექტორში მოქმედი კომპანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარგის განვითარებასა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობას. ამასთან, კომპანია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, წარმატებულ სტუდენტებს კი სტიპენდიებს უნიშნავს, რითაც მათ სწავლისა და პროფესიული წინსვლის მოტივაციას უძლიერებს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სამთო საქმისა და გეოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერებას და დარგისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებას.
სტუ-ის ინფორმაქციით, კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოს დაცვას, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიასა და გეოფიზიკას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და განიხილონ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია RMG.