სტუ-ში აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე და საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48-ე წლისთავი აღნიშნეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრი 48 წლის წინ დაარსდა, მის დამფუძნებელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას დღეს, 17 სექტემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობამ იცოდეს იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც ქართული მეცნიერებისა და ტექნიკური განათლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა, მომავალი თაობებისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და სამეცნიერო ღირებულებების გაზიარებას და ახალი თაობის მკვლევართა აღზრდას ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დაარსებიდან 48 და ცენტრის დამაარსებლის დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ ლომსაძე, ცენტრის თანამშრომლები, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, დარგის სპეციალისტები და სტუდენტები.
ზურაბ ლომსაძის განცხადებით, ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის მთავარი ამოცანა საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და საწარმოო პოტენციალის კვლევაა და ამ მიმართულებით დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილების თანამედროვე კვლევებთან დაკავშირება.
„ცენტრისთვის ეს თარიღი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი 48-წლიანი ისტორიის, არამედ იმ სამეცნიერო მიმართულებებისა და კვლევითი გამოცდილების გამო, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვდა. ირაკლი ჟორდანიას სახელთან დაკავშირებული ცენტრის საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ბუნებრივი რესურსების, საწარმოო ძალებისა და ქვეყნის რეგიონული პოტენციალის შესწავლას უკავშირდებოდა. დღეს ჩვენი ამოცანაა, ეს გამოცდილება თანამედროვე კვლევით დღის წესრიგს დავუკავშიროთ. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი გამოწვევები, რეგიონების განვითარების შესაძლებლობები და ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შეფასება კვლავ აქტუალური საკითხებია. ამ მიმართულებით ცენტრი აგრძელებს კვლევით საქმიანობას და ცდილობს, მიღებული შედეგები თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებთან და ქვეყნის საჭიროებებთან იყოს შესაბამისობაში. ირაკლი ჟორდანიას 95 წლის იუბილე კი კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში და ამავე დროს, დავინახოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მისი სახელობის სამეცნიერო ცენტრს დღეს აკისრია“, - განაცხადა ზურაბ ლომსაძემ.
სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ირაკლი ჟორდანიას დაბადებიდან 95-ე წლისთავი და ცენტრის 48 წლის იუბილე კარგი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს ის სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და რომლის გაგრძელებაც თანამედროვე კვლევითი პროცესის ნაწილია.
„დღეს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის შესწავლა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა კიდევ უფრო აქტუალურია. ამ მიმართულებით ცენტრის კვლევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან თანამედროვე სამეცნიერო კვლევა მხოლოდ არსებული რეალობის შესწავლას არ გულისხმობს, მისი მიზანია იმ ცოდნის შექმნა, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესს დაეხმარება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები აქტიურად განაგრძობდნენ კვლევით საქმიანობას, თანამშრომლობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან და მიღებული შედეგები კიდევ უფრო ფართო სამეცნიერო სივრცეში წარმოაჩინონ. ირაკლი ჟორდანიას სახელობის ცენტრის ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა სწორედ იმ სამეცნიერო ტრადიციის გაგრძელებაა, რომლის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ცენტრის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას „სამეცნიერო ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 5-წლიანი (2022-2026 წწ.) პროექტის - „საქართველოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და რეგიონების (მხარეების) საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევა“ - ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ, ანგარიში წარუდგინეს.
სხვა სიახლეები
გივი მიქანაძემ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციის - “ECCES 2026” გახსნაში მიიღო მონაწილეობა
12.10.2026.17:18
თბილისში იმართება სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - “ECCES 2026”, რომლის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში კენ ვოლკერის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე. როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება ათი წლის ვადით მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სამედიცინო განათლების აკრედიტაციის სისტემის განვითარებისა და ქართული სამედიცინო პროგრამების კურსდამთავრებულთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ეკა ეკალაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ორდღიანი კონფერენცია თემაზე – „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“ – ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორის, დოქტორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში და სტუდენტთა აკადემიური წარმატების ხელშეწყობაზე.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს ძირითად მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრების გამოფენას, ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებს და კლინიკურ მასტერკლასებს.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებისა და ახალი აკადემიური კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობის შექმნას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებასა და სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის პროფესორები, სამედიცინო განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები და პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებს.