სტუ-ში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო პროექტის - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში" განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული პროცესების შესახებ მათი ინფორმირებულობის გაძლიერებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის" (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები არიან.
საინფორმაციო პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ამოცანაა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოში შექმნილი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი და ამავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივ პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტისთვის მსგავსი ინიციატივების განხორციელება მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოებას არ გულისხმობს. იგი უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციასაც უკავშირდება - ხელი შეუწყოს ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურ უმცირესობთა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის იმგვარი საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, საარჩევნო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებსა და მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.
დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული სტუდენტის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თავს თანასწორად, დაცულად და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნობს.
„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმოთ და გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენი ალმა მატერია. აქ თითოეული თქვენგანის მიზნები, კულტურა, ტრადიციები და გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანინაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ მიიღოთ ხარისხიანი განათლება, არამედ აქტიურად ჩაერთოთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგად იცნობდეთ თქვენს სამოქალაქო უფლებებს, შესაძლებლობებს და სრულად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარებაში თქვენი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად,გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები, რაც გვაძლევს უდიდეს სტიმულს, ერთად ვაშენოთ უფრო ძლიერი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოება", - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა. ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, რომელთა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, სახელმწიფო ენის დაუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი და ინსტიტუციური გარემოს გაცნობა.
სხვა სიახლეები
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს - ვაკო თურნავა
27.11.2026.22:11
რეგიონებში პროფესიული განათლების განვითარება მოქალაქეებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ვაკო თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ბიზნესკუთხით, ძალიან მაღალია და განსაკუთრებით მაღალია IT სფეროში. IT სფერომ, ქართველმა პროგრამისტებმა, ქართულმა ტექსექტორმა დაამტკიცა, რომ აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები და უნარები იმისთვის, რომ იმუშაონ უცხოეთში. ეს ციფრებშიც აისახება: მხოლოდ ერთ კვარტალში 400 მილიონი ამერიკული დოლარის IT სერვისების ექსპორტი აუთსორსზე იყო განხორციელებული, რაც ნიშნავს, რომ მილიარდზე მეტი თანხა წლიურად შემოდის.
ეს უბრალოდ ციფრები არ არის, აქ ხალხია ჩართული და, შესაბამისად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს, ბიზნესმაც იცის, ის ბიზნესმენებიც ფიქრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სკოლებში, აკადემიებში ან კოლეჯებში ფულის ჩადებას. უკვე ხედავენ, რომ ეს არის აზრიანი საქმე. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ Skillwill და კიდევ სხვა კოლეჯები არსებობენ, სადაც ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას განიხილავენ და უშუალოდ ფულს დებენ ამ ბიზნესში.
კიდევ ერთი რამ მიხარია Skillwill-ის შემთხვევაში: როდესაც მისმა დირექტორმა განაცხადა, რომ სხვადასხვა რეგიონებში, პატარა რეგიონებშიც უკვე დაიწყებენ სხვადასხვა კოლეჯების გახსნას. ეს არის ძალიან მაგარი საქმე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, იქვე ისწავლონ, იქვე გადამზადდნენ და იქვე დაიწყონ სამსახური, თუნდაც ლოკალურ კომპანიებში ან საერთაშორისო დონეზე.
IT სექტორი გაძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაო სახლიდან, ონლაინ, ან არა სახლიდან, მაგრამ ონლაინ და აუთსორსინგის გზით რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან მიიღო შემოსავალი. საქართველოდან ხდება ძალიან ბევრი IT ბიზნესის აუთსორსინგი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტს ნიშნავს საქართველოდან და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 8% უჭირავს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო ვითარდება“, - აცხადებს ვაკო თურნავა.