თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში l სტუ-ის რექტორი
„უკვე 48 წელია, რაც 14 აპრილი - დედაენის დღე - ქართული ენისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. 1978 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული უწყვეტობისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომლის დაცვა, შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ქართული ენა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომლის სიცოცხლისუნარიანობა და პროგრესი განსაზღვრავს მის შესაძლებლობას მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნოს ღირსეული ადგილი საერთაშორისო სივრცეში”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, 1978 წლის 14 აპრილს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიუძღვით.
რექტორის თქმით, სწორედ უნივერსიტეტებია ის სივრცე, სადაც ენა ინახება და ვითარდება, მდიდრდება და ახალ რეალობას ერგება. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი წვლილი შეაქვს ქართული ენის ციფრული კვდომის საფრთეებისგან დაცვის მიმართულებით.
„ჩვენი უნივერსიტეტის წვლილი მრავალმხრივია და ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტექნიკური და საინჟინრო ტერმინოლოგიის განვითარება, ქართულენოვანი სასწავლო და სამეცნიერო მასალების შექმნა, სახელმძღვანელოების თარგმნა და ადაპტაცია, ასევე ახალი თაობის მეცნიერების წახალისება, რომ ქართულ ენაზე აწარმოონ კვლევა და ინოვაციური საქმიანობა.
ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი და აკადემიური გამოცემების სისტემა წლების განმავლობაში ქმნის ქართულენოვან სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებსა და სასწავლო მასალებს, რაც ხელს უწყობს საინჟინრო-ტექნოლოგიური ლიტერატურის ქართულ ენაზე განვითარებას. ენის სიძლიერე პირდაპირ აისახება იმ სფეროთა მასშტაბსა და ხარისხზე, სადაც იგი რეალურად ფუნქციონირებს. ქართული ენის განმტკიცება მეცნიერებაში ბუნებრივად განაპირობებს მის გაძლიერებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო ინსტიტუციებში და მომავალ თაობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.
ჩვენი სამეცნიერო წრეები ღრმად აცნობიერებენ ისტორიულ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან სახელმწიფო ენების დაცვა-შენარჩუნების პროცესში, რათა აკადემიური ცოდნის, სამეცნიერო კვლევისა და ინოვაციის გზით უზრუნველყონ ბუნებრივი ენების ადგილი ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, იმ მიზნით, რომ ქართული და აფხაზური ენები არ დარჩეს მხოლოდ წარსულ მემკვიდრეობად, არამედ გახდეს მომავლის ციფრული კულტურის ნაწილი.
ქართული ენის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს, კერძოდ მთავრობის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მინისტრ გივი მიქანაძის სისტემური მხარდაჭერის გარეშე, რადგან სწორედ თანმიმდევრული პოლიტიკა უზრუნველყოფს ენის ფუნქციურ გაფართოებას განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივ სივრცეებში”, - აცხადებს დავით გურგენიძე.
ინფორმციისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
სხვა სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება
13.08.2026.13:45
2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, - ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია. 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება I, V, VII, IX და X კლასებს მოიცავს.
„შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიციირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება.
ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა.
სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:
• საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;
• კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;
• ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება;
• ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II–XI კლასებისთვის გადაეცემათ;
• კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს - მხოლოდ „დედაენის“ სახელმძღვანელოები;
• კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან;
• სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - მოთხოვნის შესაბამისად.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდებას უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.