თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება - განათლების სამინისტრო
უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.
ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას, უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.
ამასთან, განათლების სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.
როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდება.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“ იმართება
08.10.2026.13:52
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე და კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა.
გივი მიქანაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე (ESG), სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების მონაწილეობასა და აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) არჩეული პრეზიდენტი 2027 წლიდან, პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) გენერალური მდივანი ალგირდას უტკუსი, FIBAA-ის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი რებეკა ველკერი, და WFME-ის ყოფილი პრეზიდენტი, NCEQE-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი დევიდ გორდონი.