2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ - ილია ღუდუშაური
„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.
მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ, 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.