37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით - თამარ გაბუნია
"37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.
"ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით,
რასაც დიდი დრო ჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას გამართული, პედიატრიული ონკოლოგიური სერვისი, რისთვისაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.