4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.
ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.
დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/...
სხვა სიახლეები
ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის - იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს l მიხეილ სარჯველაძე
05.08.2026.16:41
„პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობითა და გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი, რომ ქართველ პაციენტებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ მედიკამენტზე წვდომა ჰქონოდათ. ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, ვინაიდან უკავშირდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტორებს, მათ შორის წამლის უსაფრთხოებასთან და გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა.
მისივე განცხადებით, ახალი პრეპარატი პაციენტებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს.
„პრაქტიკულად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც, საკუთარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული მედიკამენტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. ეს არ არის მარტივი საქმე ისეთი სახელმწიფოსთვისაც კი, რომელსაც, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია. რეალურად, ძალიან ბევრი სახელმწიფო თავს იკავებს ამ მედიკამენტის შეძენისგან, მათ შორის ფინანსური მიზეზებითაც“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მის შესაძენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ მომდევნო გადაწყვეტილებაც დიუშენის მართვასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პროგრამის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად თანამშრომლობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობელთა ორგანიზაციასთან, კლინიცისტებთან და მომწოდებელ ორგანიზაციებთან.
„ძალიან კარგი, ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამინისტროსა და მშობელთა ორგანიზაციას შორის. აქ ჩართულები არიან, ბუნებრივია, კლინიცისტები, ექიმები, რომელთა ჩართულობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომწოდებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასაც, რათა პაციენტებისთვის მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რომ პროგრამის გაფართოება თითოეული პაციენტისთვის საკეთილდღეო შედეგს მოიტანს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.