ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და გაიაფდეს წამლები - ილია ღუდუშაური
ჯანდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მომავალ წელს გაფართოვდება უკვე არსებული და ამოქმედდება ახალი პროგრამები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა. მისივე თქმით, 2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების შემცირება იქნება.
ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამინისტროს ამოცანები და პრიორიტეტები მომავალ წელსაც უცვლელია - უწყების მიზანია თითოეული ბენეფიციარისთვის, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
„2024 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 7 800 000 000 ლარით განისაზღვrა. ეს საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ვახორციელებთ და შევასრულოთ ჩვენი მთავარი ამოცანები. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაფართოვდება უკვე არსებული და ამოქმედდება ახალი პროგრამები. ეს შეეხება როგორ ჯანდაცვის, ისე სოციალურ მიმართულებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, მომდევნო წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი პრიორიტეტი და მიზანია ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გაიაფდეს წამლები და უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტების მიმოქცევა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.