დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.
ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2002 წლიდან - 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა, სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. 2011-2023 წლებში იკავებდა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ამავდროულად, 2016-2018 წლებში, იყო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.