დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრისგანცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს.
შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
05.05.2026.13:11
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ. ჯამში ისინი, დახმარების სახით, მიიღებენ 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წლის ივლისში არსებული სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას დამატებულ 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 1კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
ის ოჯახები კი, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150 000-ისა, 200 კვტ-სთ-ის ელექტროენერგიას 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ - ამ დრომდე ეს მაჩვენებელი კვტ-სთ-ზე 3.5 თეთრს შეადგენდა.
სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.
რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.
ცვლილება უკვე ამოქმედდა - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.