ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება - ირაკლი კობახიძე
ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.
„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.