ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.
სხვა სიახლეები
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
21.10.2026.10:51
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.
ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f