ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, ჯანდაცვის მინისტრს სერტიფიკატი გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო. ასამბლეა, რომლის თემაც არის „ერთიანი მსოფლიო - ჯანმრთელობისთვის“, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გახსნა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღინიშნა.
ჟენევაში, ასამბლეის გახსნის ღონისძიებაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, სერტიფიკატი გადასცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად 2025 წლის დასაწყისში გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეაზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. მინისტრთან ერთად, ასამბლეაზე, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
21.10.2026.10:51
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.
ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f