ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა. ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ლელა სულაბერიძემ გააცნო.
სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაახლოებით - ორი კვირის ვადაში, ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, წინა ეტაპების მსგავსად, მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.
რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.
სხვა სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
29.09.2026.17:03
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.