კლინიკებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებენ, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებების ფუნქციონირების უფლება არ ექნებათ - ნანა კიკნაძე
იმ სამედიცინო დაწესებულებს, რომელთა რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილები სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ბოლოს დროს დაწესებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ, საევაკუაციო გასასვლელების შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით გონივრული ვადა განუსაზღვრეს.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო კიკნაძემ განაცხადა, ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებების სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურად იმუშავა და შედეგად კლინიკებს, რომლებშიც სხვა სტანდარტები შესაბამისობაშია, ამ კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად 1 წლიანი ვადა მიეცათ.
„სამინისტრომ რეანიმაციისა და ქირურგიის განყოფილებების სტანდარტები განსაზღვრა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს უნდა დაეკმაყოფილებინათ და 6 თვის განმავლობაში უნდა მოეყვანათ სისრულეში. 30 აგვისტომდე მათ სამინისტროსთვის განცხადება უნდა წარედგინათ, რის შემდეგაც უნდა შემოწმებულიყო რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები ამ სტანდარტებს.
სახანძრო უსაფრთხოებაზე გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებას ჰქონდათ პრობლემები იმ კუთხით, რომ შენობები არის ძველი დაპროექტებული, მაგალითად, 7 წლის უკან არსებული კანონის მოთხოვნებს სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში აკმაყოფილებდნენ თუმცა დღეს ზოგი კლინიკა ამ სტანდარტს ვერ პასუხობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ სახანძრო უსაფრთხოება არ არის დაცული. თუმცა ზოგს მოუწევდა შენობის დანგრევა, გადაკეთება რათა ეს ახალი სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვითანამშრომლეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და კლინიკებს ერთწლიანი ვადა მისცეს, რათა სახანძრო უსაფრთხოების ნორმები იყოს მოგვარებული და შესაბამისობაში მოყვანილი ახალ სტანდარტებთან“, - აღნიშნა ნინო კიკნაძემ.
ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ კლინიკები ამ გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, მაშინ სამედიცინო დაწესებულებებს რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებების ფუნქციონირების უფლება არ ექნებათ
ნინო კიკნაძე ამბობს, რომ დღეს ამ მხრივ პრობლემები ბევრ კლინიკას აქვს.
„საუბარია ბევრ და საკმაოდ დიდი კლინიკებზე. მაგალითად, რამდენიმე კლინიკა, რომელიც 5 წლის უკან აშენდა და მაშინდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, დღეს უკვე პრობლემები აქვთ“, - აღნიშნა ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
2020 წლის საქართველოს მთავრობის N385 „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებით, სტაციონარული დაწესებულების საერთო სანებართვო პირობები ითვალისწინებს ნებართვის მაძიებლის/მფლობელის ვალდებულებას, საევაკუაციო გასასვლელების მდგომარეობისა და რაოდენობის დაკმაყოფილების შესახებ ჰქონდეს და წარადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული სახანძრო უსაფრთხოების, მათ შორის საევაკუაციო გასასვლელის, დღეს მოქმედი მოთხოვნები დაწესდა 2015 წელს ტექნიკური რეგლამენტით. საგულისხმოა, რომ საქართველოში მოქმედ სტაციონართა დიდი ნაწილი, დაპროექტებულია და აშენებულია 2015 წლამდე, შესაბამისად აღნიშნული რეგლამენტის მიღებამდე, და საევაკუაციო გასასვლელების მდგომარეობისა და რაოდენობის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დღეს მოქმედი ახალი პრაქტიკის ჩამოყალიბებამდე; აღნიშნული მიზეზის გამო, საევაკუაციო გასასვლელების მდგომარეობისა და რაოდენობის დაკმაყოფილების შესახებ შესაბამისი ნორმების დამტკიცების შემდეგ, ბევრ სტაციონარულ დაწესებულებას შეექმნა პრობლემა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან და რეგულირების დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ გონივრული ვადა, არსებული საევაკუაციო გასასვლელების შესაბამისობაში მოიყვანონ დღეს მოქმედ კანონმდებლობასთან.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
16.09.2026.11:35
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.