კრიტიკული დაზღვევისა და ონკოდაზღვევის სერვისები საქართველოში აქტუალური გახდა - დევი ხეჩინაშვილი
სადაზღვევო სერვისებს შორის ონკოლოგიურ და კრიტიკულ დაზღვევაზე მოთხოვნა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულია. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, კრიტიკული დაზღვევისა და ონკოდაზღვევის სერვისები აქტუალურია განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში, რომლის მოდელიც ნორმალური და მისაღებია.
,,ონკოლოგიური და კრიტიკული დაზღვევის საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალურია. ეს პროდუქტი არ არის სამედიცინო ხარჯის დაზღვევა, თანხმდება სადაზღვევო კომპანიასთან, თუკი ონკოლოგიური დაავადება დაემართება დაზღვეულს, წინასწარ შეთანხმებულ თანხას მიიღებს კომპანიისგან და ამ ფულს თვითონ განკარგავს. საწუწუნო არაფერი აქვს, თვითონ განსაზღვრავს სად უნდა იმკურნალოს ან თუ სურს, სხვა რამეში დახარჯავს თანხას, მისი გადასაწყვეტია. ეს პროდუქტი ფეხს იკიდებს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში. განვითარებულ ქვეყნებს ისედაც აქვთ მაღალი დონის ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ყველაფერს ფარავს. ჩვენ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, ამიტომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ონკოდაზღვევა პაკეტში არ შედის, ცალკე მიმართულებად არის ჩამოყალიბებული და საკმაოდ პოპულარულიცაა", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით, ხეჩინაშვილის თქმით, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
,,ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ ბავშვების ონკოლოგიურ დაავადებებს საზღვარგარეთ აფინანსებს. ეს არის იშვიათი და ძვირი დაზღვევა, რომლის აწყობა საქართველოში რთულია. სწორია, რომ ამ სერვისს გაიტანენ ქვეყნის გარეთ და სადაზღვევო კომპანიებთან არ დაიწყებენ ვაჭრობას", - დასძენს ხეჩინაშვილი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ონკოდაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის ცალკე სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც ყოველთვიურ პრემიას განსაზღვრავს მოსარგებლის ასაკისა და მისთვის სასურველი ლიმიტის მიხედვით.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში შეძლებენ.
უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.