მიხეილ სარჯველაძე, ბუდაპეშტში, შანდორ პინტერს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.
მხარეებმა, განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები და ის შესაძლებლობები, რომლებიც მომავალში, ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სფეროში, სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
განიხილეს ჯანდაცვის სფეროში, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობა, რაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პროცესების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. ასევე, ხაზი გაესვა ტელემედიცინის როლს, განსაკუთრებით რეგიონებში, როგორც ხელმისაწვდომი და ეფექტური მომსახურების განვითარების ინსტრუმენტს. მინისტრმა, უნგრელ კოლეგას, ამ მიმართულებით, საქართველოს მიღწევები გააცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო პროფესიის რეგულირების ცალკეულ საკითხებსაც, რაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და რეგულაციური ჩარჩოების დახვეწას გულისხმობს.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.