მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება მზადაა, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე სამუშაოდ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფონდის წარმომადგენლები რიჩარდ მაკენა და ვენდი მაკენა.
„სტირლინგის ფონდი“ (The Stirling Foundation) 2008 წელს, აშშ-ში დაარსდა. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ჯანდაცვა, მეწარმეობა, ქალთა, ბავშვთა და შშმ-პირთა მხარდაჭერა. ფონდს 50-მდე ქვეყანაში 500-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
09.10.2026.17:07
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.