მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან, ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე.
„დიდი პატივია ჩემთვის, მოგმართოთ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე თემით – „ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“. ეს თემა სრულად შეესაბამება საქართველოს ერთგულებას ძლიერი, ინკლუზიური და სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნისადმი, რომელიც არც ერთ ადამიანს არ ტოვებს მიღმა.
ამ მიზნით, საქართველომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარდამტეხი პროცესი. რეფორმის მიზანია ხელმისაწვდომობის გაზრდა, სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ხელმისაწვდომობა მაღალი სტანდარტების გარეშე დაუსრულებელი დანაპირებია - სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი და მუდმივად მაღალი ხარისხის.
აღსანიშნავია, რომ აქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით, ხაზს უსვამს ერთობლივი მოქმედების ეფექტურობასა და ჯანდაცვის სტრატეგიების მნიშვნელობას.
ჯანდაცვის სერვისებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ დანერგა DRG ანაზღაურების მოდელი, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და მწარმოებელი კომპანიისგან, ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის მექანიზმი. ამ ინიციატივების შედეგად, მოვახდინეთ ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტების გაუქმება და გავაუმჯობესეთ მოქალაქეების ფინანსური დაცულობა.
არცერთი უფლება არ საჭიროებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ისე მწვავედ, როგორც ჯანმრთელობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არც ერთი აღემატება ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ჯანმრთელობა არ უნდა იყოს პრივილეგია - ეს არის უფლება, და ამ უფლებასთან ერთად მოდის სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ის.
ჩვენი ერთგულება თანასწორობის მიმართ ასევე აისახება ჩვენს პარტნიორობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც, 2024 წელს განხორციელდა ჩვენი ჯანდაცვის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების ერთობლივი გარე შეფასება (JEE). შეფასების საფუძველზე შემუშავდა ეროვნული სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის (NAPHS), რომელიც სრულადაა თანხვედრაში საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებთან და მის დამტკიცებას მიმდინარე წელს ვგეგმავთ.
„ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“ - ამ ხედვით წინსვლისას, საქართველო რჩება ერთგული პარტნიორობის გაძლიერების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მიხეილ სარჯველაძემ, შეხვედრები გამართა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან, ასევე გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე.
სხვა სიახლეები
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
21.10.2026.10:51
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.
ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f