მიხეილ სარჯველაძემ გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა UNAIDS-ის ტრანსფორმაციას, პროგრამის სამომავლო როლსა და გლობალური აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას მიეძღვნა.
მონაწილეებმა იმსჯელეს აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიღწეული პროგრესის შენარჩუნებასა და ქვეყნების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებისა და აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
სხვა სიახლეები
შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
07.10.2026.13:37
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ იკვეთება, თუმცა სახელმწიფო შესაბამისი ზომების მისაღებად მზად არის.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. ინფორმაციას, რომელიც ამ მიმართულებით გროვდება, ძირითადად ისეთი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმიდან ვიღებთ, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს. რაიმე ზომების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე აბსოლუტურად არ იკვეთება და არავითარი რეკომენდაცია საამისოდ არ არსებობს.
მთელი მონაცემები, რომლებიც გროვდება, საქართველოსგან ძალიან შორს მდებარე ტერიტორიებს ეხება. მიმოსვლის ინტენსივობისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღების საჭიროება ნამდვილად არ იკვეთება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მზად ვართ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რაც საქართველოს მოსახლეობას მსგავსი რისკებისგან დაიცავს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.