მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში კერძო სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვან როლს ხედავს - ნინა კობახიძე
ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და მოქალაქეებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსიის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში განაცხადა.
მისი შეფასებით, ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების პროცესში სადაზღვევო ინდუსტრიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და კერძო დაზღვევას შორის თანამშრომლობის არაერთი მიმართულება არსებობს.
„ძალიან საინტერესო ფორმატი იყო, ისევე როგორც სხვა თემები, დღესაც მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ – ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარების ახალი შესაძლებლობები, სადაც სადაზღვევო ინდუსტრია ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქნა წარმოჩენილი. საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით არსებობს მთელი რიგი გადაკვეთის წერტილები, სადაც სახელმწიფომ და სადაზღვევო ინდუსტრიამ ერთობლივად უნდა იზრუნონ მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის შეთავაზებაზე“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.
მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში არაერთი ინიციატივა გაჟღერდა, მათ შორის სადაზღვევო სექტორის როლის გაძლიერების მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის მართვის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობაა.
„ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ სახელმწიფომ სადაზღვევო ინდუსტრია დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის მართვის მნიშვნელოვან რგოლად განიხილოს. საჭიროა როლების გადანაწილებაზე შეთანხმება, რათა მხოლოდ უკვე დამდგარი დაავადებების მკურნალობის დაფინანსებაზე არ ვიყოთ კონცენტრირებული და მოქალაქეებისთვის პრევენციული ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გავხადოთ“, – აღნიშნა მან.
ნინა კობახიძის განმარტებით, მსგავსი მიდგომა, ერთი მხრივ, სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასა და ფინანსურ მდგრადობას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, მოქალაქეებს უფრო მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.
მისივე ინფორმაციით, ფორუმზე განხილული ინიციატივების შემდგომი განვითარებისა და სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის მიზნით უახლოეს დღეებში თანამშრომლობის ახალი ფორმატების გამართვა იგეგმება.
„ეს, ერთი მხრივ, ინდუსტრიის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო შეძლებს მოქალაქეებისთვის უფრო მეტი სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას. უახლოეს დღეებში უკვე დაიგეგმა ახალი ფორმატები, სადაც ჩვენი ინიციატივების სახელმწიფო სტრუქტურებამდე მიტანას შევძლებთ. ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო სექტორის როლს ხედავს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმი ქვეყნის უმსხვილესი პლატფორმაა საჯარო-კერძო დიალოგისთვის.
სხვა სიახლეები
მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.08:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.
ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.
„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.
თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.