მშობიარობა და საკეისრო კვეთა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს.
შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. DRG მოდელით მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 1 222 ლარით განსაზღვრა. რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა. ასევე, ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
16.09.2026.11:35
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.