ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები - ზურაბ აზარაშვილი
2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიარტრიული მომსახურების სტანდარტები, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა.
„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება ბარიარტრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.
„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
სხვა სიახლეები
მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.08:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.
ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.
„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.
თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.