ონკოლოგიური ქირურგია ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება.
მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა.
„დღეს − საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით − მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
16.09.2026.11:35
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.
„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.