პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება. მიმდინარე პროცესების, განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობას, ასევე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას.
რეფორმის საპილოტე ეტაპი 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში დაიწყო, ხოლო შემდგომ ეტაპზე, შესაბამისობის შეფასების შედეგად, განახლებულ დაფინანსების მოდელში 43 დაწესებულება ჩაერთო.
პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეუძლიათ. წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
09.10.2026.17:07
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.
შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.