პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა - ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა - მიხეილ სარჯველაძე
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს, იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.
„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაც ახლა ვამუშავებთ - ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას.
პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს - როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
29.09.2026.17:03
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.