პრემიერი ფარმაცევტულ სექტორში არსებული ფასების კორექტირებას აანონსებს - დეტალები
საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას.
"ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება. მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს. დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას. შედეგი არის ის, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი. საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს 86 პროცენტს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით, რადგან აქ არ შედის არც იმპორტის და არც დღგ-ს გადასახადი. ამის გარეშე, არის ფასნამატი 86 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი. ამაში არ შედის ასევე საზღვრამდე ფასნამატი. მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას. ჩვენ ასევე შესწავლილი გვაქვს, თუ როგორია ფასნამატი თავად ევროპის ქვეყნებში, საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის, ეს მერყეობს დაახლოებით 30-დან 40 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი. დანარჩენი არის დამატებითი შესწავლის საგანი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმაკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც. აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა. ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ - მიხეილ სარჯველაძე
26.11.2026.08:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული მაღალი რისკები, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის, ქალთა ტრეფიკინგისა და კომერციული ექსპლუატაციის საფრთხეებია.
„საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა სუროგაციისა, არის ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3 000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მშობლად გახდომის უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, დაუშვებელია ამ პროცესთან დაკავშირებული რისკების უგულებელყოფა. მისი შეფასებით, სუროგაციის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის დაშვება არსებული საფრთხეების სრულად აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევია, რომ მშობლად ყოფნის უფლება, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში არის ვიღაც, ვისაც შეიძლება რაღაც საჭიროება ჰქონდეს, მაგრამ ამ რისკების დაზღვევის პოტენციალი სამწუხაროდ, ძალიან რთულად მესახება, რომ ეს რეალურად მოხერხდეს. რისკი ძალიან მაღალია ნებისმიერ შემთხვევაში.
ბავშვი როდესაც იბადება, ამ ბავშვზე უფლებამოსილების მქონე პირი შეიძლება საერთოდ ბიოლოგიურ კავშირში არ იმყოფებოდეს ბავშვთან. რა ბედი ელის ამ ბავშვს, უცხოეთში გაყვანის შემდეგ, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. შეუძლებელია, რომ ამის მექანიზმი და ინსტრუმენტი გქონდეს ამის კონტროლისთვის, რომ ადევნებდე თვალს შემდეგ როგორია ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპები. არადა, რისკები უზარმაზარია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის საფრთხეებზე.
„როდესაც კომერციულ სუროგაციაზე გვაქვს საუბარი, უზარმაზარია რისკები ქალების ტრეფიკინგის. ალტრუისტულის ნიღაბს ქვეშ შეიძლება ძალიან ხშირად იპარებოდეს რეალურად სრულიად სხვა რამ. ესეც ძალიან ხშირი მოვლენაა და ამის დაზღვევაც და ამასთან გამკლავებაც ძალიან რთულია.
თუ ჩვენ დავუშვებთ გარკვეულ კატეგორიაზე სუროგაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში რისკები მაინც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ რისკების დაზღვევა გვინდა, ეს არის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ ეს რისკი იყოს დაზღვეული. თუკი ჩვენ დავტოვებთ შესაძლებლობას, რომ ასეთი რეგისტრაცია მაინც განხორციელდეს, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო რთულია ასეთ რისკებთან გამკლავება და ეს რისკები მაინც ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში, 100%-ით და ზუსტად დაზღვეულები ამ ეტაპზე, ალბათ, არ ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სუროგაციას მთლიანად ავკრძალავთ, ასეთ შემთხვევაში ნაკლებია, ძალიან მიზერულია ალბათობა იმისი, რომ რომელიმე მანიპულაცია და რომელიმე პროცედურა ჩატარდეს იატაკქვეშეთში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.