ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებში სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული გუნდის გაძლიერებას, რათა პაციენტებმა საჭირო, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება საკუთარ რეგიონში მიიღონ.
ლაშა ლეჟავას სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოსა და უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებში. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრ „დიომედი+“-სა და „დიომედი აფხაზეთს”, მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებასა და საქართველოს კლინიკების ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალს. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კლინიკური ორდინატურა უკრაინაში აქვს გავლილი. არის სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.
კლინიკის ახალი დირექტორის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და კლინიკის განვითარებაა.
სხვა სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
29.09.2026.17:03
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.