სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე - ირაკლი კობახიძე
სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება - მიხეილ სარჯველაძე
15.10.2026.10:37
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს იკავებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ორი მედიკამენტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროცესს ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ მაისის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც.
„ეს ის მედიკამენტებია, რომლებზეც პირველად, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ გავმართე ბრიფინგი, ვილაპარაკე და მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი იყო, რომელთა შეძენაზეც გადაწყვეტილების მიღება პერსპექტიულად გამოიყურებოდა.
სხვათა შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე გადაწყვეტილება იმხანად მიღებული არ ჰქონდა. მაისის ბოლოს NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც, რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიხსნა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაგვიმარტივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მკურნალობის სწორად დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ილაპარაკა. აღნიშნა, რომ ინოვაციური პრეპარატის გაცემა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„პარალელურად, როდესაც დიუშენის სინდრომზე დავიწყეთ მუშაობა, მე რაც მივედი სამინისტროში, ძალიან სწრაფად დაიძრა საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებითაც. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო და შრომა გავწიეთ. ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ ამის შეძენის ობიექტური წინაპირობები და საჭიროება არსებობდა, გადაწყვეტილება არ გადაგვიდია და მივიღეთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.