საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი სასანია წარმოადგენს.
აღნიშნული საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.
ირაკლი სასანიას განცხადებით, აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს, ამდენად, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად. ამჟამად ჟენევაში მიმდინარე ასამბლეაზე კი ნომინირებული კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე
16.11.2026.17:51
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
მიხეილ სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას ასევე - შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.