საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს. პროცედურაში, ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც. კენჭისყრისას, უმრავლესობამ, ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.
არჩევნები, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.
ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.
აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.
სხვა სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
29.09.2026.17:03
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.