საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა.
ანნ მონტავონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18.08.2026.11:21
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ქვეყანამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად დააგროვა.
შეხვედრაზე მინისტრმა დელეგაციის წევრებს დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები გააცნო. საუბარი შეეხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დევნილთა საკითხებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა - მათ შორის, ქვეყნის ხუთ ქალაქში მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ასევე „სოფლად სახლის“ პროგრამა და სხვა მხარდამჭერი პროექტები.
მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი დევნილთა საკუთარ სახლებში, საკუთარ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში დაბრუნებაა. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება, რაც დევნილთა საკითხების ეფექტიანად მართვასა და არსებული გამოწვევების დაძლევას უწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თათია გვარამაძე.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.