საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა, რამაც ჯამში 1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით10 წლის განმავლობაში, 3 მლნ ადამიანის 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა 7 მლრდ-მდე ლარით დაფინანსდა.
„ეს არის პროგრამა, რომელიც ბენეფიციარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, პროგრამა მოსახლეობის 95%-ს ფარავს. გვსურს, რომ ის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და ფოკუსირებული იყოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს პროგრამის ბიუჯეტის ზრდა თუ ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - ამბობს ილია ღუდუშაური.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა
30.10.2026.20:23
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა.
ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი, ბელგიის მიერ, ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა. განსაკუთრებით გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარება, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ფარმაცევტული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირებას ემსახურება.
მანამდე, კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის პარალელურად, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრები გამართა ჯანმოს გენერალური დირექტორობის სხვა კანდიდატებთანაც.
ჯანმო-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 7 პოტენციური კანდიდატია წარდგენილი. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 2027 წლის იანვარში მაქსიმუმ სამ კანდიდატს შეარჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი წევრი ქვეყნები 2027 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ.