შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის მონიტორინგისთვის, უახლესი სისტემების გამოსაყენებლად მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი.
სხვა სიახლეები
„ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე
04.09.2026.15:13
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს გვაქვს მორიგი სასიხარულო ინფორმაცია. „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
მოვუწოდებთ მშობლებს, რომელთაც ბოლო ხანებში შესაძლოა არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებისთვის, მომართონ სამინისტროს ნომერზე 1505 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც 6 წლის ასაკიდან დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მკურნალობას სრულად დაუფინანსებს.