შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები - მიხეილ სარჯველაძე
„ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე, იყო საუბარი ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით მუშაობს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.
„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
სხვა სიახლეები
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
21.10.2026.10:51
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა.
ქვეყანამ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე - რეგიონებში.
ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა და პოლიკლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://ncdc.ge/#/blog/blog-list/e71d1821-ae8b-46d7-b568-fb40f3ac2c6f